მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილის მიერ ახალი თავმჯდომარის ასარჩევად შიდა არჩევნების ჩატარების მოთხოვნას ეხმაურებიან. უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არსებობას, იმ სახით როგორითაც ის დღეს არის, პერსპექტივა არ გააჩნია.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ნათლად იკვეთება, რომ პარტიის შიგნით დაპირისპირებაა.
"უკვე ღიად მიუთითებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ღია დაპირისპირება, ღია კრიზისი. როგორც განვითარდება მოვლენები ალბათ უფრო დრამატულად. გამომდინარე აქედან, ალბათ ამ პარტიის შემდგომი დაშლის პროცესის მომსწრენი გავხდებოდით. ვფიქრობ რომ ეს მოიტანს იმას, რომ კიდევ უფრო ფრაგმენტია მოხდება ნაციონალურ ი მოძრაობის შესაბამისად, მათ ამომრჩეველი კიდევ უფრო დაიბნევა და არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება. მე მიმაჩნია, რომ იმ სახით, რა სახითაც ნაციონალური მოძრაობა დღემდე არსებობდა, მას პერსპექტივა არ აქვს." - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირი შინაარსისგან დაცლილი პარტიაა.
"მაშინ, როდესაც ქართული ოცნება პროაქტიურად მუშაობს 12 პუნქტის შესრულებაზე, ნაციონალური მოძრაობა მთელი ამ ხნის განმავლობაში რითიც არის დაკავებული და ყოველდღიური სიახლეები რაც არის ამ პარტიის, არის ის, რომ ან ვიღაცა მიდის, ან ვიღაც ტოვებს ამ პარტიას ან ერთმანეთში ჩხუბობენ... ასეთი უინტერესო და ყველანაირი შინაარსისგან დაცლილია ეს პარტია, რომელიც ერთის მხრივ, ებრძვის საკუთარ ქვეყანას, მაგრამ საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთმანეთთან ბრძოლით შემოიფარგლება," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.