15 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
მიზანმიმართული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ თუ ეკონომიკური მაჩვენებლებით მანიპულირება - "ქართული ოცნება" ოპონენტებს ლობისტების დახმარებით საქართველოს საინვესტიციო გარემოს წინააღმდეგ მუშაობაში ადანაშაულებს

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო ლობისტებთან ერთად მუშაობს და ქმნის შთაბეჭდილებას ,თითქოს საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომით სარგებლობს.

ეს კამპანია მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ქმედებაა, რადგან საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ომამდე გაცილებით ადრე დაფიქსირდა.

ბრალდებას, ბრალდებით პასუხობენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ზრდის რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას. ამ ფაქტორს ასახელებს ოპოზიცია საქართველოსთვის საფრთხის შემცველად.

მმართველ გუნდში ოპოზიციის მიერ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე სტატია დაიბეჭდა როიტერსშიც.

გამოცემის მტკიცებით საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციას ხელი რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლამ შეუწყო და და ეს ეკონომიკური ბუმი დროებითი და საფრთხის შემცველია. სტატიაში და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს წინააღმდეგ არის მიმართული სახელისუფლებო გუნდის წევრებისთვის.

რუსეთ უკრაინის ომი არა თუ სარგებლის, არამედ კრიზისის და ეკონომიკური რეცესიის მიზეზია, თუმცა მთავრობამ სწორი პოლიტიკის წყალობით შეძლო ეკონომიკის დამაბრკოლებელი ფაქტორების გადალახვა - განცხადება ფინანსთა სამინისტროშიც გააკეთეს.

გაზრდილი იმპორტ ექსპორტი, ტურიზმის აღდგენა, ფულადი გზავნილები და ინფრასტრუქტურული ხარჯები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტორების, რაც ანალიტიკოსების აზრით საქართველოში ორნიშნა ეკონომიკურ მაჩვენებელს განსაზღვრავს. ექსპერტები ეკონომიკურ ზრდას რუსეთიდან შემოსულ მიგრანტებს არ უკავშირებენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ცნობით 2022 წლის იანვარ - სექტემბერში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი - 10.2 % პროცენტი დაფიქსირდა.

 

დღის ამბები