დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ტრადიციული ჭიდილი ამომრჩევლის გადაწყვეტილებებშიც ჩანს და კაპიტოლიუმის დერეფნებშიც გამოჩნდება, როდესაც ხმებს ყველა შტატი დაითვლის და საბოლოო შედეგს იტყვის. ამ ეტაპზე ნათელია, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა დემოკრატებს მთელი 20 - ადგილიანი სხვაობით გაუსწრეს, თუმცა უმრავლესობის მოსაპოვებლად მათ 218 ადგილი სჭირდებათ,რაც ჯერ არცერთს აქვს. სენატში კი ვითარება გაცილებით რთულადაა - ორივე პარტიას ერთნაირი შედეგი აქვს - 48 ადგილი. სენატის 100 ადგილიდან ახლა მხოლოდ 2-ის ბედია გადასაწყვეტი, რაც სამომავლოდ ძალთა ბალანსს განსაზღვრავს.
რონ დესანტისზე ფოკუსი მსოფლიო მედიას ტყუილად არ გაუსწორებია. სწორედ ის მოიაზრება იმ პოლიტიკოსად, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის ბილბორდებს დაამშვენებს. ამერიკულ მედიაში წერენ, რომ ეს ტრამპს აღელვებს, რადგან თავად სურს გასული არჩევნების მარცხი,გამარჯვებით შეცვალოს. ექს-პრეზიდენტი პარტიულ ღონისძიებებზეც ჩნდება და მომავალი კვირისთვის სერიოზულ განცხადებებსაც აანონსებს, სავარაუდოდ სწორედ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მოქმედი პრეზიდენტი კი ოპტიმიზმის მიუხედავად, ხვდება, რომ თუ კონგრესის რომელიმე პალატაში გავლენებს დაკარგეს, ცხოვრებას გაირთულებს.
ახლა ყველა დიდი ყურადღებით ელოდება, თუ რას გადაწყვეტს ამომრჩეველი იმ წონიან შტატებში, რომლებიც როგორც წესი კენჭისყრაზე გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ ხოლმე - როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატისა და გუბერნატორების არჩევნებში. ამასთან გამოიკვეთა ისეთი შტატებიც, სადაც უკვე დაიწერა ისტორია, პირველი ქალი, თუ პირველი შავკანიანი გუბერნატორის არჩევით.
უკვე კეთდება მინიშნებები იმაზე, რომ აშშ-ის რიგ შტატებში შესაძლოა მეორე ტური ჩაინიშნოს, ასეთია ჯორჯიაც - ეს კი იმას ნიშნავს რომ შუალედური არჩევნების სრულფასოვანი შედეგები შესაძლოა კიდევ დიდი ხანი ვერ შეიტყოს საზოგადოებამ, მოლოდინი შესაძლოა კვირებიც კი გაგრძელდეს.