რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ მისგან არათუ არ აგვიღია არცერთი თეთრი მთელი ამ წლების განმავლობაში, არც გვჭირდება. ჩვენ ვართ თვითკმარი, გვყოფნის აბსოლუტურად, როგორც საარჩევნო ისე არასაარჩევნო პერიოდში ის რესურსები, რომლებსაც ვიღებთ შემოწირულობების გზით- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ პარტია არ ღებულობს არანაირ დაფინანსებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მისივე თქმით, პარტია და მთლიანი პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით.
„არცერთი თეთრით მას არც პარტია და არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ რომელიმე სხვა სუბიექტი არ დაუფინანსებია. ეს რომ ასე არ იყოს გამოჩნდებოდა. ჩვენ არც ვიღებთ და არც გვჭირდება ფინანსური რესურსები. აქედან გამომდინარე, გაუგებარია რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამ გავლენაში. სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პარტია და მთლიანი პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით. საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გვაქვს საკმარისი კერძო დაფინანსება შემოწირულობების სახით, რომელიც არის მთლიანად საკმარისი როგორც არჩევნების, ასევე მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. და მეორე, დავუშვათ სატელეფონო კომუნიკაცია ხდება კიდეც, უბრალოდ წარმოვიდგინოთ. თუ ისინი ამას ოლიგარქიულ ჩარევას და გავლენას ეძახიან, ეს ღიმილის მომგვრელია. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა უნდა გადაუხადოს თითოეულ ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს იმისათვის, რომ ის იქნა აღიარებული, როგორც გენიოსი. ადამიანი, რომელიც თვეში ერთხელ, სამ თვეში ერთხელ ურეკავს ან პრემიერს ან პარტის თავმჯდომარეს და სატელეფონო ზარებით ახერხებს იმას, რომ მთელ სახელმწიფოს აკონტროლებს და მართავს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ სასაცილოა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.