15 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
თუ წინა გადაწყვეტილება ტექნიკური კუთხით იყო უსამართლო, გვაქვს იმედი, რომ შემდეგი გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება და მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, ამ კუთხით, ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად პირნათელი იქნება ევროპული სტრუქტურების წინაშე - ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ადრე თუ გვიან აუცილებლად მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს -ამის შესახებ  "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ 12 პუნქტიანი გეგმის წარდგენის დროს, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად პირნათელი იქნება ევროპული სტრუქტურების წინაშე:

"ტექნიკური კუთხით, ჩვენ აბსოლუტურად მზად ვიქნებით იმისათვის, რომ 12 პუნქტთან დაკავშირებით ანგარიში წარვადგინოთ, მაგრამ გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პოლიტიკური იქნება. ისევე როგორც წინა გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური. როცა მოლდოვას ჯობია საქართველო 10 თავით, იმას ანიჭებენ კანდიდატის სტატუსს და საქართველოს არა, ეს გაუგებარია, მაგრამ ამ სიღრმეში აღარ მინდა შევიდე. 

ადრე თუ გვიან აუცილებლად მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში - ამაში დარწმუნებული ვარ. ამას მარტივი მიზეზი აქვს - დღეს პოლიტიკური კონტექსტი ცოტა მძიმეა, ეს ამძიმებს ფონს, რომელიც უდევს ფონად გადაწყვეტილების მიღებას და ეს ფონიც იმედია მალე შეიცვლება. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ივლისიდან მოყოლებული ინტენსიურად ვმუშაობდით 12 პუნქტზე, ამასობაში რადიკალურმა ოპოზიციამ უარი თქვა ყველა სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე. მარტო დასეირნობენ ევროპაში და საუბრობენ იმაზე რომ ჩვენ არ ვმუშაობთ.  პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც სამართლიანი და ვერც უსამართლო, მაგრამ თუ წინა გადაწყვეტილება ტექნიკური კუთხით იყო უსამართლო, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემდეგი გადაწყვეტილება ტექნიკური თვალსაზრისით  სამართლიანი იქნება და მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ კუთხით, ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად პირნათელი იქნება ევროპული სტრუქტურების წინაშე,"- აცხადებს კობახიძე. 

დღის ამბები