15 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ეს პარტია საერთოდ დაიშლება და მის ადგილზე შეიძლება წარმოიშვას ან არ წარმოიშვას სხვა პარტიები - გივი მიქანაძე ენმ-ზე

პარტიის დასასრულის დასაწყისი - ასე აფასებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს მმართველ გუნდში.

"ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული კრიზისი უკვე ზედაპირზეა, რაც პარტიის დაშლით დასრულდება.

"ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამოიკვეთა "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირება. არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ეს პარტია საერთოდ დაიშლება და მის ადგილზე შეიძლება წარმოიშვას ან არ წარმოიშვას სხვა პარტიები. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს პარტია არის უკვე წასული, ეს არის გუშინდელი დღე, რომელსაც ფაქტობრივად არანაირი მომავალი არ აქვს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.

მმართველი გუნდის შეფასებით, პარტიაში დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი დავით კეზერაშვილის ფულის გადანაწილებას უკავშირდება.

"მთავარი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ არის ის, რომ ყველა - ერთიც და მეორე მხარეც ამბობს, რომ მათ ვერ გაამართლეს ამომრჩევლის იმედები. რატომ ვერ მოახდინეს დესტაბილიზაცია ქვეყანაში და მთავარი პრეტენზია მელიას მიმართ სწორედ ეს არის. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის კეზერაშვილის ფინანსები, რომელიც ვერ გაიყვეს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

დღის ამბები