საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი გრძელდება.
პრეზიდენტი პარიზში დღეს, იუნესკოს სათაო ოფისში, იუნესკოს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს შეხვდა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების საკითხები.
პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების მიღმა, მიზანმიმართულად ზიანდება და ხშირ შემთხვევაში, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა და არ არსებობს რაიმე საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის UNESCO-ც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგს გაუწევს მათ მდგომარეობას, აღწერს დანაკლისს და დარღვევებს.
პრეზიდენტმა შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომ UNESCO-მ რაიმე მექანიზმებით განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მონიტორინგი.
როგორც იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, მსგავსი პრობლემები არის ასევე, რეგიონის სხვა ზონებში და UNESCO ცდილობს შეიმუშაოს ჰააგის კონვენციის ფარგლებში ახალი მექანიზმები, რომელიც საშუალებას მისცემს კონფლიქტის ზონებში თანამგზავრის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, აღრიცხოს და მონიტორინგი გაუწიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას.
ჰააგის კონვენცია დღევანდელ ვითარებაში ძალზედ აქტუალურია და საჭიროებს რევიზიას, იმისათვის, რომ საომარ ვითარებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად შემუშავდეს ახალი მექანიზმები.
პრეზიდენტმა კვლავ დააყენა საკითხი იუნესკომ განიხილოს თუ როგორ შეიძლება იზრუნოს და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინოს კავკასიურ ენათა ოჯახის ენებს.
პრეზიდენტმა იუნესკოს გენერალური დირექტორი საქართველოში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის მიიწვია, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.
შეხვედრისას პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ, რომ საქართველო გააგრძელებს იუნესკოსთან თანამშრომლობას ბიოლოგიური მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით.