15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
დეპუტატები, საკრებულოს წევრები, რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები - "ნაცმოძრაობაში" არჩევნების ჩატარებას პარტიაში ბევრი მომხრე ჰყავს

"ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნების ჩატარების ინიციატორმა დღის ბოლოს განცხადება ისევ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან გააკეთა. სწორედ ამ ლოკაციიდან აცნობა ირაკლი ნადირაძემ მხარდამჭერებს, რომ მის ინიციატივას პარლამენტის 10, აჭარის უმაღლესი საბჭოს 4, საკრებულოების 277 დეპუტატი და 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შეუერთდა.

პასუხი არჩევნების ინიციატორებს მელიამ პარტიის ოფისიდან გუშინვე გაუგზავნა. "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე დღეს ოფისში აღარ გამოჩენილა. მელია გადადგომას არ აპირებს და მომავალ არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავს.

მშვიდობის ხიდი აირჩია თანაპარტიელებთან სალაპარაკოდ ლევან ხაბეიშვილმა. პარტიის ოფისში არც ის მივიდა, და კოლეგებს ძველი თბილისის ხედიდან შეატყობინა რომ არჩევნებს მხარს უჭერს, მაგრამ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას თავად არ აპირებს.

არჩევნების მომხრეა თითქმის ყველა რეგიონალური ორგანიზაცია. ნაწილი ფავორიტ კანდიდატს ღიად ასახელებს, ნაწილი კონფიდენციალურობას ირჩევს.

უკვე მსჯელობენ არჩევნების ტექნიკურ საკითხებზეც - თარიღსა და არჩევის ფორმაზე. მითუმეტეს რომ უკვე ღიად ითქვა რომ არჩევნებში მონაწილეობა პარტიის მხარდამჭერებმაც უნდა მიიღონ.

არჩევნების თარიღის გასარკვევად პარტიაში ჯერ პოლიტსაბჭოს ხდომა უნდა დაინიშნოს, ამისთვის კი დაპირისპირებულმა მხარეებმა მშვიდობის ხიდიდან და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან პარტიის ოფისში უნდა გადაინაცვლონ. კონსულტაციებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი დღეს ცენტრალურ ოფისში მათ უშედეგოდ ელოდა.

დღის ამბები