შიდაპარტიული არჩევნების დაანონსებიდან სამი დღის შემდეგ, ნიკა მელიას პირველი კონკურენტი გამოუჩნდა. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე პრეტენზიას გამოთქვამს გიორგი ჩალაძე. ის ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ვადამდელ არჩევნებში ერთვება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
ორ ბანაკად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ჯერჯერობით არ იციან როდის იქნება პოლიტ საბჭო, რომელმაც არჩევნების თარიღი და კანდიდატები უნდა დაასახელოს. ნიკა მელია უკვე მესამე დღეა ტელეკამერების წინაშე არ ჩანს. რიგგარეშე არჩევნებს ის პირველ დღესვე გამოეხმაურა და თქვა, რომ მზად არის არჩევნებისთვის, თუმცა როგორც მელიამ აღნიშნა, მისმა თანაგუნდელებმა ამისთვის არასწორი დრო და ფორმა შეარჩიეს.
გიორგი ჩალაძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ბრძოლის დაანონსებას გამოეხმაურა ბაჩო დოლიძე.
როგორც პარტიის საორგანიზაციო მდივანმა აღნიშნა, მას ეს ამბავი თავდაპირველად ხუმრობა ეგონა, თუმცა მისი თქმით, ყველას არჩევანს პატივს სცემს.
"ახლახანს გავიგე, მეგონა, რომ ხუმრობა იყო, მაგრამ ყველას არჩევანს პატივს ვცემ. დღეს უკვე აქტიურად დავიწყებთ კომუნიკაციას თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს და რა დროს უნდა ჩატარდეს არჩევნები. იმიტომ, რომ აუცილებელია კანდიდატებმა აწარმოონ სრულფასოვანი კამპანია ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად, ეს აბსოლუტურად ნორმალური, დემოკრატიული პროცესია და ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს, როგორც ფორმას ასევე დროს, თუ როგორი ტიპის არჩევნები გვინდა,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.