დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი დღეს იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით გავა. პროექტს, რომელიც უკრაინის მაგალითზეა შემუშავებული, დღეს მუხლობრივად განიხილავენ. ოპოზიციის ნაწილი მას მხარს არ დაუჭერს რადგან თვლის, რომ აქ არ არის გათვალისწინებული საქართველოში არსებული რეალობა.
"ცალკე აღებული კანონი, რა თქმა უნდა, ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიოზაციას.რეალურად დეოლიგარქიზაცია მიიღწევა მხოლოდ სისტემური რეფორმებით მართლმსაჯულების, საგამოძიებო, საარჩევნო სისტემაში, კორუფიციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ უნდა გვესმოდეს რისკი, რასაც ქმნის ფასადური და ზოგიერთ შემთხვევაში, ფასადურიც კი რომ არ არის ისეთი ე.წ. რეფორმების გატარებით, "ქართული ოცნება საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს,"-აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნება" ოლიგარქიას სწორად ვერ იაზრებს.
"მიზანმიმართულად ხდება უკუღმად რეკომენდაციის ვითომ შესრულება. ოლიგარქიის კლასიკური განმარტება არის, ერთი ან მცირე ჯგუფის მიერ ჭარბი რესურსის გამოყენებით ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა. შესაბამისად კანონიც უნდა ემსახურებოდეს გავლენიანი ადამიანის, ან ადამიანების ჯგუფის-ხელისუფლების გავლენის შემცირებას."ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ოლიგარქიის მთავარი ნიშანი ხელისუფლებაზე და პოლიტიკაზე გავლენა კი არ არის, მედიას თუ ფლობს ჩემთვის ის არის ოლიგარქიო,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონს მაინც მიიღებენ, რადგან მთავარი მიზანი ევროპის 12-პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებაა.