ვინ აიღებს მართვის სადავეებს "ნაციონალურ მოძრაობაში"?! კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება. მას შემდეგ, რაც ორ ბანაკად გაყოფის პროცესი საჯაროდ დაიწყო, პირველად შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი. "კურიერის" ინფორმაციით, პარტიის ერთი ფრთა თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას განიხილავს. მისი გამარჯვების შემთხვევაში გენერალური მდივანი - პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კი დავით კირკიტაძე იქნება. არსებული ინფორმაციით, ამ შემადგენლობის უკან კეზერაშვილი-მერაბიშვილი დგანან. მეორე მხარეს კი ძმები ახალაიები არიან, რომლებიც ნიკა მელიას ლობირებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება პოლიტიკური საბჭო, რომელმაც არჩევნების თარიღი და კანდიდატები უნდა დაასახელოს.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან შეხვედრის დროს ის პარტიის შიდა საქმეებზე არ საუბრობს ხოლმე.
"მე ჩემს კანდიდატურას არ განვიხილავ თავმჯდომარის პოსტზე. ვანო მერაბიშვილი ჩემი მეგობარია, ცხადია რაღაც სიხშირით ვხვდები, კვირაში ერთხელ თუ ორ კვირაში ერთხელ. ვანოც ჩემი მეგობარია, დათო კეზერაშვილიც ჩემი მეგობარია. როცა არის დრო და საშუალება ჩვენ ყოველთვის შევხვდებით მომავალშიც ერთმანეთს და ვისაუბრებთ. ასეთ შეხვედრებზე, განსაკუთრებით ვანოსთან, პარტიაზე საუბარი არ არის ხოლმე, პარტიულ თანამდებობებზე და შიდაპარტიულ საქმეებზე კიარა ქართულ პოლიტიკაზეც ნაკლებად ვსაუბრობთ თუ გაინტერესებთ," - აცხადებს ცისკარიშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ იგი საკუთარ თავს პარტიის თავმჯდომარედ არ განიხილავს.