დისკრიმინაციული მოპყრობა და შევიწროვების ფაქტები - რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები თავმჯდომარეს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში ადანაშაულებენ. აპარატის უფროსი არჩილ ძამაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებას და სხვა პოზიციაზე გადასვლას აიძულებდა. უარის შემდეგ შეავიწროვა და აღარც მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების საშუალებას აძლევდა. ანალოგიურ ბრალდებას უყენებს ნოდარ შეროზიას და მის მოადგილეებს აპარატის თანამშრომელი გვანცა ბირთველიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მასზე განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის გამო ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნა.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრია. მის განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ აპარატის თანამშრომლები მათზე განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროების მიზეზად. ამბობენ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შეზღუდვის გარდა, დისკრიმინაცია აპარატისთვის საწვავისა და სამუშაო პირობების შეზღუდვითაც გამოიხატებოდა.
აპარატის თანამშრომლების ბრიფინგს, ბრიფინგითვე უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ. ბრალდებებს ნოდარ შეროზიამ სიცრუე უწოდა და ის ინფორმაციაც უარყო, რომლის თანახმად აპარატის თანამშრომლების შევიწროებას მას საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აიძულებდნენ.
შეროზიას და ბერიძის ამ უარყოფის მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარე შრომის ინსპექტორთან გამოკითხვის დროს აფიქსირებს, რომ მისგან საკადრო ცვლილებას სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვდა. შრომის ინსპექციამ მოკვლევა აპარატის თანამშრომლების მოთხოვნით დაიწყო, დადგინდა კანონის დარღვევაც. უწყებამ საკრებულოს ჯარიმის გადახდა დააკისრა.
გიორგი გახარიას პარტია შრომის ინსპექციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდებებს უარყოფენ თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში. "ქართულ ოცნებაში" კი მიაჩნიათ, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დარჩენის უფლება აღარ აქვს.
რუსთავის საკრებულო 35 წევრით არის დაკომპლექტებული. 16 დეპუტატი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას", ასევე 16 წევრით არის წარმოდგენილი "ქართული ოცნება", პარტია "საქართველოსთვის" კი სამი დეპუტატით. ნოდარ შეროზია თავმჯდომარედ, საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ, მიმდინარე წლის იანვარში აირჩია.