არჩევნებიდან მესამე დღეს ამერიკამ ჯერ კიდევ არ იცის როგორია ახალი რეალობა. მართალია რესპუბლიკელებს კონგრესის ქვედა პალატაში უპირატესობა აქვთ, თუმცა ძალთა ბალანსი აქ ჯერ კიდევ დასადგენია. ჯერ კიდევ დასათვლელია არიზონა და ნევადა, თუმცა სენატისთვის ნამდვილი ბრძოლა ჯორჯიის შტატში გაგრძელდება. რესპუბლიკელ ჰერშელ უოლკერს კონკურენტმა რაფაელ ვარნოკმა მართალია გაუსწრო, თუმცა 50 %-იანი ბარიერი ვერცერთმა გადალახა, ამიტომაცაა საჭირო მეორე ტური.
თუ საქმეს დასჭირდა, ბაიდენი მზადაა ჯორჯიის შტატში საკუთარ კანდიდატს კამპანიისას გვერდშიც ამოუდგეს. ამასთან, პრეზიდენტი ყველანაირ სცენარს ელის. მზადაა ოპონენტებთან იმუშაოს, თუმცა ჯერ არ იცის, იმუშავებენ თუ არა მასთან ოპონენტები, რომლებსაც ზურგს დონალდ ტრამპი უმაგრებს.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2022 შუალედურ არჩევნებში დიდი როლი ითამაშა რამდენიმე საკითხმა, მათ შორის ინფლაციამ და აბორტის უფლების მიმართ საზოგადოების, განსაკუთრებით კი ქალების დამოკიდებულებამ. ამერიკულ მედიაში ამ საკითხების სიღრმისეული განხილვით კმაყოფილია ეუთო/ოდირი, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა და პირველად შეფასებაში ხარვეზებზეც ისაუბრა.
კონგრესის არჩევნებში ამერიკელები სრულად ცვლიან წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს. სენატის 100 წევრიდან კი მხოლოდ 35-ს ირჩევენ. კონგრესის პალატებში გავლენების თანაფარდობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამერიკის პრეზიდენტის მომდევნო 2 წელს და გავლენას მოახდენს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.