როცა დაინახეს, რომ წელს არეულობა არ მოხდებოდა, კანდიდატის სტატუსის განხილვა გადაიდო 2023 წლისთვის - ამის შესახებ "ქრონიკის" ეთერში მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"როცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ აპირებდნენ და ამის საფუძველი იყო პოლიტიკური, ვინაიდან, მათი გათვლებით, ეს გამოიწვევდა სახალხო მღელვარებას და ამას გამოიყენებდნენ ხელისუფლების შესაცვლელად და ხელისუფლებაში იმ პოლიტიკური ძალის მოსაყვანად, რომელიც მეორე ფრონტს გახსნიდა საქართველოში. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და ჩვენ, რამდენიმე დეპუტატმა, პოლიტიკური კულისებიდან გამოვიტანეთ საჭირო ინფორმაცია, საზოგადოებამ მიიღო ორი სწორი გადაწყვეტილება. პირველი - საზოგადოებამ გაზაფხულზე თქვა, რომ მას უნდა ევროინტეგრაცია. მეორე - მას ევროინტეგრაცია უნდა მშვიდობიანად და არა ომის ხარჯზე, ეკონომიკის დანგრევის ხარჯზე, ხალხის დახოცვის ხარჯზე, რაც სურს ომის პარტიას.
სამწუხაროდ, ახლა მასშტაბები გაიზარდა და ეს ევროპარლამენტარების ნაწილი შეემატა ომის პარტიას. ამ გეგმის პირველი ნაწილი ჩავარდა, იმიტომ, რომ ხალხი არ აჰყვა პროვოკაციებს. ამიტომ ახლა ისინი გადავიდნენ გეგმა "ბ"-ზე. როცა დაინახეს, რომ წელს არეულობა არ მოხდებოდა, კანდიდატის სტატუსის განხილვა გადაიდო 2023 წლისთვის. ერთგვარი ვაჭრობის საგანი გახადეს ეს საკითხი. 2023 წელსაც შეიძლება არ მოხდეს ამ საკითხის განხილვა, თუ ისინი ვერ მოაწყობენ არეულობას და ვერ მოიყვანენ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც დაიწყებს ომს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.