დაკარგული ერთობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" და კრიზისი, რომელიც ყოველდღიურად მწვავდება - ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე - " ნაციონალური მოძრაობა" რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება.
"კურიერის" ინფორმაციით, პარტიის ერთი ფრთა, თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას განიხილავს. მისი გამარჯვების შემთხვევაში ,გენერალური მდივანი - პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კი დავით კირკიტაძე გახდება.
არსებული ინფორმაციით, ამ შემადგენლობის უკან კეზერაშვილი-მერაბიშვილი დგანან. მეორე მხარეს კი ძმები ახალაიები არიან, რომლებიც ნიკა მელიას ლობირებენ.
პარტიაში აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მხოლოდ ერთი ბანაკი უნდა არსებობდეს და ეს ბანაკი, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახულ იდეეებს უნდა ემსახურებოდეს.
"ამ პარტიაში მე წარმომიდგენია მხოლოდ ერთი ბანაკი და ეს არის ის გუნდი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს იმ იდეებს, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა დასვა, რომელმაც შექმნა ეს პარტია სხვა ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად. ყველას შეუძლია დაასახელოს თავის თავი კანდიდატად, შემდეგ კი უკვე გევქნება საშუალება არჩევანი გავაკეთოთ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი.
ბაჩო დოლიძე კი დარწმუნებულია, რომ პარტიაში მხარეები საერთო აზრამდე მივლენ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზციამ ამ საკითხზე, "ქართულ ოცნრბაში" ფიქრობენ, რომ ახლა, "ნაციონალურ მოძრაობაში" კლანური დაპირისპირება მიმდინარეობს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კლანური დაპირისპირება მიმდინარეობს, ეს არის კრიმინალური სინდიკატი და ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ პარტიის ლიდერები კრიმინალური ისტორიებით გამოირჩევიან. ისეთი პირები ხდებიან პარტიის თავმჯდომარის კანდიდატები, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ როგორი უშინაარსო პარტია არის "ნაციონალურ მოძრაობა","- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური კი ამბობს, ეს პროცესი "ნაციონალურ მოძრაობას" აუცილებლად დაშლამდე მიიყვანს. მისივე თქმით, დღეს რაც ამ პარტიაში ხდება, გარდაუვალი იყო.