ორი დღის განმავლობაში ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები იკრიბებიან. პირველ დღეს ორგანიზაციის მთავარი დიპლომატები იმსჯელებენ ხერსონის დაბრუნების შემდეგ უკრაინის მორიგ დახმარებაზე, ასევე - სანქციებზე არამხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ბელარუსისთვისაც, რომელიც პუტინის რეჟიმს ეხმარება. კიდევ ერთი საკითხი იქნება, თუ როგორი იქნება ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ, ასევე, ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაცია ორგანიზაციაში.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრეილიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ლიეტუვა ითხოვს დამატებით სანქციებს ირანის წინააღმდეგ, ვინაიდან ირანი რუსეთს იარაღით ამარაგებს.
"უკრაინაში მშვიდობა მხოლოდ უკრაინის მიერ წამოყენებული პირობებით დამყარდება. ის სპეკულაციები, რაც საჯარო სივრცეში ვნახეთ, არავის ინტერესშია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროპა აგზავნის მნიშვნელოვან გზავნილს, ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე, სადაც განხილული იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებები. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით სანქციების მე-9 პაკეტის დამტკიცებას. ლიეტუვა მუშაობს იმისთვის, რომ ახალი შეზღუდვები ძალაში შევიდეს. ლიეტუვა ითხოვს დამატებით სანქციებს ირანის წინააღმდეგაც, რადგან ისინი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან და რუსეთს იარაღით ამარაგებენ,"-აცხადებს გაბრეილიუს ლანდსბერგისი.
ამასთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანის მთავრობისთვის სანქციები არის აუცილებელი. ტობიას ბილსტრომის თქმით, ვინც ირანული დრონების გაყიდვაშია ჩართული უნდა დასანქცირდეს.
"სერიოზული ბრალდებები, რომელიც აჩვენებს ირანის მთავრობის მიერ რუსეთისთვის დრონების მიყიდვას და რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს, არის ის რასაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით. მიმაჩნია, რომ სანქციები არის აუცილებელი ირანის მთავრობის ამ ამბიციების შესამცირებლად. ჩვენ თეირანის მიმართ, ძალიან ძლიერი სიგნალები უნდა გავაგზავნოთ. უკრაინის წინააღმდეგ დრონებს გამოყენება მიუღებელია, ვაჭრობა კი უნდა შეწყდეს. ის ადამიანები, ვინც ამ ტიპის დრონების გაყიდვაში არიან ჩართული, ევროკავშირის მიერ უნდა დასანქცირდნენ,"-აცხადებს ტობიას ბილსტრომი.