დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" და მზადება ახალი თავმჯდომარის ასარჩევად - არჩევნების სავარაუდო თარიღად დეკემბერი სახელდება. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პარტიის შიდა არჩევნები ელექტრონული ფორმით ჩატარდება. დეტალების დასაზუსტებლად მიმდინარეობს კონსულტაციები.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად მსურველთა განაცხადების მიღება ჯერ არ დაწყებულა. დღეს ოფისში, სავარაუდოდ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც დეტალებს განიხილავენ.
ცოტა ხნის წინ განცხადება პარლამენტის წინ გააკეთა გიორგი მუმლაძემ, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა უკვე წამოაყენა. მან საკუთარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
"ამხელა მატერიალური რესურსის მიუხედავად, ნიკა მელია და ეს გუნდი ვერ ახერხებს თავისი უუნარობით, არადემოკრატიული მართვით, განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობით, რომ გააერთიანოს პატრიოტი, მებრძოლი ხალხი. ამიტომაც გარბის ეს ხალხი ემიგრაციაში და მე მინდა ეს პატრიოტული სულისკვეთების ადამიანები შემოვიკრიბო. ჩვენ ვიყოთ ბრძოლის ავანგარდში, შევქმნათ პოლიტიკური დღისწესრიგი და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს პატრიოტიზმი, როგორც მთავარი იდეოლოგია," - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.