"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
ვოლსკის შეფასებით, რომ არსებული კრიზისის პირობებში, "ნაციონალურ მოძრაობაში" სფეროების გადასანაწილებლად უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, პარტიის მთავარი პრობლემა იმ პრინციპების ერთგულებაა, რომ ხელისუფლება მხოლოდ რევოლუციური გზით შეიცვლება.
"მთავარი პრობლემა, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია, არის "ერთგულება" იმ პრინციპისადმი, რომელიც დიდი ხნის წინ გააჟღერა სააკაშვილმა - არანაირი არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება არ არის შესაძლებელი, თუ არა რევოლუციური პროცესების განვითარება. ეს არის თემა და ამის მაგალითი არაერთხელ ვიხილეთ. დღეს შიდა დაპირისპირება იმაზე არ მიმდინარეობს, თუ ვინ უკეთ შესთავაზებს საქართველოს განვითარების პერსპექტივას, დღეს შეჯიბრი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია რევოლუციური პროცესის განვითარებისათვის," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.