15 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
"ქართველ ხალხს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, ევროპული საზოგადოების ნაწილი, ამიტომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ"-ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საწვრთნელი მისიის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირი დღეს გამოაცხადებს-ამის შესახებ ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი აცხადებს. ევროკავშირმა უკრაინის 15 000-ზე მეტი სამხედრო უნდა მოამზადოს. იარაღის პარალელურად, სამხედროების გადამზადება- ხერსონის დაბრუნების შემდეგ, ევროკავშირში თვლიან, რომ დგება გადამწყვეტი ეტაპი და სწორედ ახლაა საჭირო უკრაინისთვის ასეთი ტიპის დახმარება. სწორედ ამაზე მსჯელობენ რამდენიმე საათია დახურულ კარს მიღმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები.

"დღეს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება, უკრაინის არმიის სატრენინგო მისიის დაწყება. როგორც უკვე იცით განხილვებით გადაწყდა, რომ მისია რეკორდულ დროში ამოქმედდეს, ის რამდენიმე კვირაში პოლონეთში დაიწყება. ბევრ ქვეყანაა მონდომებული, რომ მონაწილეობა მიიღოს 15 000-ი უკრაინელი ჯარისკაცის გადამზადებაში. ომის სიახლეებიდან უკრაინის სასარგებლოდ კარგი ამბები ისმის. უკრაინელები გარკვეულ ნაწილებზე კონტროლს იბრუნებენ, რუსები კი უკან იხევენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელთა მხარდაჭერა, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდეს. დღის წესრიგში არის ირანიც, ჩვენ ვაპირებთ სანქციების მორიგი პაკეტის დამტკიცებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტთა რეპრესიაში,"-აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

ამასთან, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარება დაანონსა. როგორც ბოგდან აურესკუ აცხადებს, აუცილებელია იმ ქვეყნების მხარდაჭერა ვინც უკვე მიიღო კანდიდატის სტატუსი.

"ჩვენთვის განხილვის მთავარი თემაა რუსეთის აგრესიის შედეგები უკრაინაზე. ვაანონსებთ ახალ სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა. ასევე ბელარუსზეც.კოლეგებს მოვახსენებ რუმინეთის მხარდაჭერაზე, რომ შეიქმნას მექანიზმები რითაც ომის დანაშაულის გამოძიება მოხდება. მნიშვნელოვანია, მოლდოვის მხარდაჭერაც. კონკრეტულად გასათვალისწინებელია, თუ როგორი მოწყვლადია ქვეყნის ენერგო მდგომარეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ ახალი მიდგომების პოვნა. აუცილებელია იმ ქვეყნების მხარდაჭერა ვინც უკვე მიიღო კანდიდატის სტატუსი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა სახელმწიფოებისაც,"-აცხადებს ბოგდან აურესკუ.

განცხადებები გაკეთდა საქართველოზეც. როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროპულ მომავალზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, ევროპული საზოგადოების ნაწილი. იან ლიპავსკმა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"რა თქმა უნდა, ომის დასრულების შემდეგ, ადვილი არ არის გამოსავლის პოვნა, მანამდე, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით. არსებობს ევროკავშირის ძლიერი ნება, გააგრძელოს სანქციები. რაც შეეხება საქართველოს კომისიამ დაადგინა პირობები, რაც შეთანხმებულია საბჭოს გადაწყვეტილებასთან, საბჭოს დასკვნებზე. საქართველოს მიზანია წინსვლის ჩვენება და ამ მიმართულებით აქტიურობა. მეორეს მხრივ, მე ყოველთვის ვსაუბრობ საქართველოსა და მის ევროპულ პერსპექტივაზე. ქართველ ხალხს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, ევროპული საზოგადოების ნაწილი. ამიტომ, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ,"-აცხადებს იან ლიპავსკი.

დღის ამბები