რამდენიმე საათში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ოფისში სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმსჯელებენ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ასევე, განიხილავენ არჩევნების ჩატარების წესს. ამის შემდეგ კი ისინი საკუთარ პოზიციას პოლიტსაბჭოს წარუდგენენ.
არჩევნების სავარაუდო თარიღად დეკემბერი სახელდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად მსურველთა განაცხადების მიღება ჯერ არ დაწყებულა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ პარტიის ყველა მხარდამჭერს მიეცეს შესაძლებლობა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რათა სასურველ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენს მხარდამჭერს ჰქონდეს საშუალება, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, შეარჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატი და დაუჭიროს მხარი, იქნება ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ. კომისიამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს, რომ არჩევნები ჩატარდეს დაცულ გარემოში და არჩევნებმა ნაკლები შეკითხვები გააჩინოს, არ მოხდეს მანიპულირება.
ვისურვებდი, რომ კამპანია კორექტულობის ფარგლებში ჩატარდეს, ისე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციას შეჰფერის და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ენმ-ის კიდევ ერთი წევრის, გიორგი ბოტკოველის შეფასებით, "ეს არჩევნები არავის გადაყენებას არ ეხება, ეს არჩევნები ეხება პარტიის გაჯანსაღებას."
ამასთან, პარტიის კიდევ ერთი წევრის ბაჩო დოლიძის თქმით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყველას ექნება საშუალება საკუთარ პრიორიტეტებზე და გეგმებზე ისაუბროს.
"კამპანიის დროს ყველას ექნება საშუალება ისაუბროს. შანსი ექნება იმას, ვინც იქნება გულწრფელი ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში, ვინც ისაუბრებს პრობლემებზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე და ვინც შეძლებს იმ გუნდის დაკომპლექტებას წინახაზზე, რომელიც თანაბრად იღებს პასუხისმგებლობას და არ გაურბის ამ პასუხისმგებლობას," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.