ოპოზიციამ სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით შმოლაპარაკებების დაწყება მოითხოვა, - ამის შესახებ განცხადებები ბიუროს სხდომაზე გაკეთდა.
"მინდა გამოვყო აუცილებლობა სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით საპარლამენტო ჯგუფებს შორის კონსულტაციების დაწყების. მოლაპარაკების იმიტომ, რომ რეალურად ისეთი ვითარება გვაქვს, რომ არცერთ საპარლამენტო ჯგუფს ცალკე ურთიერთქმედების და მოლაპარაკების გარეშე ვერ შეეძლება 90 ხმა დააგროვოს, – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი
პასუხად სპიკერმა აღნიშნა, რომ პროცესი სტარტს მიმდინარე კვირაში აიღებს.
"ვფიქრობ, ეს პროცესი დაიწყება ამ კვირას. აქ არის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და ასევე სხვა ფრაქციებიც ხართ პარლამენტში. არის სასესიო კვირა, ყველა აქ არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე იყოს საუბარი. თავიდანვე საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება ყველასთვის. არ ვიცი რამდენად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის იქნება თანაბრად მისაღები. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ამ პერსპექტივით შევხედოთ საკითხს და არ იყოს რადიკალური პოლუსები აქაც, არამედ შევძლოთ შეთანხმების მიღწევას, რაც ყველას ინტერესშია საბოლოო ჯამში," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მოქმედ ომბუდსმენს ვადა დეკემბერში ეწურება. მისი შემცვლელის დასამტკიცებლად 90 ხმა არის საჭირო, რაც პარლამენტში არცერთ ძალას არ აქვს.