ხერსონის გათავისუფლება კიევს ევროპის პირველმა დიპლომატებმაც მიულოცეს. ბრიუსელში შეკრებილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აღარ მალავენ, რომ ქალაქის თავზე უკრაინული დროში აღმართვა ევროპის გაერთიანებისთვის მორიგი სტიმულია, ომში მყოფ ქვეყანას დამატებითი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწიონ. სანამ იარაღს გაუგზავნიან ევროპელი დიპლომატები კიევს 15 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედროს გადამზადებას ჰპირდებიან. ევროკავშირის საწვრთნელი მისია სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში ამოქმედდება.
უკრაინასთან ერთად ევროკავშირის ქვეყნების პირველი დიპლომატების საუბრის მთავარი თემა ირანიც იყო. ბრიუსელი თეირანს მათ შორის რუსული არმიისთვის კამიკაძე დრონების მიწოდების გამო სანქციებით ემუქრება. ევროკავშირის ქვეყნების შავ სიაში უკვე მოხვდა 30 ირანელი ჩინოვნიკი, რომლებიც მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილები.
სანქციების ახალი, მე-9 პაკეტი დღეს ბრიუსელში არ მიუღიათ, თუმცა სწორედ ეს იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა.
სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ერთი ქვეყნის გამოკლებით ევროკავშირი ერთიანია პოზიციაში, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არის ძალიან ეფექტური და ისინი უნდა გაგრძელდეს. მინისტრს არ დაუსახელებია ქვეყანა, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.
"ჩვენ ხაზს ვუსვამთ, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას ყველა საშუალებით. ეს მოიცავს თავდაცვისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების გაგრძელებას, იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მეორეა, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელება. მესამეა, როგორ შევამსუბუქოთ პოტენციური ჰუმანიტარული კრიზისი ზამთრის მოახლოებასთან ერთად და ასევე რუსული თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე. ასევე სანქციების საკითხზე, კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველანი, ერთი გამონაკლისის გარდა, შევთანხმდით სანქციების ეფექტურობაზე და სანქციების საჭიროებაზე. იყო დებატები ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებითაც, სამომავლოდ თავიდან უნდა ავირიდოთ ირანის მიერ რუსეთისთვის იარაღისა და დაცვის სისტემების გადაცემა," - განაცხადა რასტისლავ კაჩერმა.
დღეს, პირველმა დიპლომატებმა ასევე თქვეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე დაიდო ძალიან ბევრი შეთავაზება, თუ რა უნდა შევიდეს სანქციების მე-9 პაკეტში. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლომდე ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან იქნება გადადგმული. დიპლომატებმა ძალიან მკაფიოდ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ამ ბრუტალურ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მათ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი წარმატებებია უკრაინის მხრიდან და გამარჯვებისთვის საჭიროა უფრო მეტი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარება.
"უკრაინის სამხედრო პერსონალის გადამზადება, დასავლეთ ბალკანეთის საკითხის განხილვა მკაფიო გზავნილია, რომ ნატო და ევროკავშირი მტკიცედ უნდა იყოს წარმოდგენილი იმისთვის რომ გაუმკლავდეს რუსეთის და ჩინეთის მცდელობებს მიიტაცონ გარკვეული ტერიტორიები . საუბარი იყო ირანზე, სადაც გამოჩნდა მკაფიო კურსი, რომ ქვეყანას ახალი სანქციები უნდა დაუწესდეს. რაც შეეხება სანქციების მეცხრე პაკეტს კომისია როგორც ერთგვარი მედიატორი ამას მიმდინარე პროცესში ძალიან მალე დააანონსებს," - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ.
ხვალ ევროკავშირის საბჭოში საგარეო უწყების ხელმძღვანელებს ჩაანაცვლებენ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები და კონკრეტულად საუბარი იქნება უკრაინისთვის გასაწევ სამხედრო დახმარებაზე.