15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გამოკვეთილია, ახლა მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ - მამუკა მდინარაძე კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შეხვედრაზე

ჩვენ ვსაუბრობდით არა მხოლოდ "ნაცმოძრაობასა" და მათ ოლიგარქებზე, არამედ დავალების მიმცემებზე - როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი უკვე გამოკვეთილია - ასე პასუხობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დავით კეზერაშვილისა და ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის შეხვედრის თაობაზე დასმულ კითხვას.

მდინარაძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ ვოლკერსა და კეზერაშვილს ხელოვნებაზე ესაუბრათ.

"ყველა ხედავს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. როგორც ჩანს, ახლა ჩვენ მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ. ამ ადამიანის მიერ საქართველოსა და ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გამოკვეთილია და ამას ადასტურებს ერთ-ერთი ჟურნალისტი კონკრეტული მტკიცებულებებით. არ მგონია, ეს შეხვედრა შემთხვევითი ყოფილიყო და ხელოვნებაზე ესაუბრათ.

უკვე ბევრი წელია, "ნაცმოძრაობა" მედიაპროექტია, რადგან მათი მედიასაშუალებები რომ არა, ეს პარტია ბუნებაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიაპროდუქტი "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც დაკავებულია მავნებლობით და რომელსაც აცოცხლებენ მისთვის დავალებების მიმცემლები და დამფინანსებლები," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. 

სააგენტო "კვირამ" გაავრცელა ფოტო, სადაც ასახულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და აშშ-ს ექსჩინოსნის - კულტ ვოლკერის შეხვედრა. გამოცემის ცნობით, კეზერაშვილმა ვოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა. ფოტო კი "კვირას" გერმანელმა ჟურნალისტმა მიაწოდა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეს იძიებს.

კურტ ვოლკერი ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანია და ის წლების განმავლობაში იყო სენატორ ჯონ მაკკეინის ბიუროს წამყვანი თანამშრომელი, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ნატოში ამერიკის ელჩი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.

დღის ამბები