15 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ 12 პრიორიტეტის შესრულებაზე - ოლივერ ვარჰეი ევროკომისიის რეკომენდაციებზე

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მედიისთვის პრესკონფერენციას მართავენ. 

ევროკომისარმა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და მის სიკეთეებზე ისაუბრა. როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, იგი მოხარულია, რადგან ხედავს ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს.

"ისტორია არასდროს იძლევა შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად. რა თქმა უნდა, ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პრიორიტეტის შესრულება, ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენება და მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ 12 პრიორიტეტის შესრულებაზე.

რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, ვხედავთ წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, საქართველოს პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია ამ მიმართლებით და სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ წინ არის. თუმცა მოგვიწევს ბევრი მუშაობა იმისათვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, მე მესმის, რომ დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებითაც. რა თქმა უნდა, გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და დანარჩენი მოგეხსენებათ, 12-დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. იმიტომ, რომ რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს გზაზე ევროპისკენ.

მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ დათქმებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც მოდის თქვენკენ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველზე და მყისიერად მიხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურების, ადგილობრივი სამუშაო ძალის, სოციალური სტაბილურობის სახით," - განაცხადა ვარჰეიმ.

დღის ამბები