15 ნოემბერი 2024,   02:56
ვრცლად
ჩამოვედით მკაფიო მიზნით, დაგეხმაროთ ქვეყნის მოსამზადებლად, ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი - ოლივერ ვარჰეი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს გზავნილი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შეისმინეს და ჩამოვიდა, რათა დაეხმაროს ქვეყანას ამ გზავნილის შესრულებაში. ამის შესახებ მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ევროკომისარი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში საქართველოს ბევრი მუშაობა მოუწევს, რათა აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა.

"მე ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. წელიწადზე მეტი იქნება, რაც წინა ჯერზე ვიყავი ჩამოსული. მართალი რომ გითხრათ, ვხედავ უკვე განვითარებას - ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა. პროგრესი არსებობს საქართველოში, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში და მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი სამეზობლო საკითხებში და გაფართოების საკითხებში. ეს პირველად არის ამ რანგში, არა მარტო სამეზობლო პოლიტიკის, არამედ გაფართოების მანდატითაც ჩამოვედი - ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და პერიოდის პროცესში საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.

ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რათა მოგახსენოთ, რომ მზად ვართ შევასრულოთ ეს თხოვნა. ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი, არა მარტო მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ქვეყანაში და ყველა, ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე, მას ეხება.

ამიტომ, დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით. გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მოსამზადებლად; დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში და ამ მიმართულებით ჩვენ გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ.

მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისათვის, რომ აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, თუმცა აქვე უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ რა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება ეს სურვილი, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმუშავებს ამ მიზნისკენ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად," - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

დღის ამბები