"კურიერმა" გაარკვია პაკისტანის მოქალაქის ვინაობა, რომელიც საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის შესასრულებლად ჩამოვიდა. ეს არის ამირ ჰანი, რომელიც ახლა უკვე დაკავებულია. "კურიერის" ინფორმაციით, მან საზღვარი მესამე ქვეყნის გავლით გადმოკვეთა სექტემბერში და მას შემდეგ ცდილობდა დაკვეთილი მკვლელობა შეესრულებინა.
ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული სამივე პირი დუმილის უფლებას იყენებს - ისინი ბრალს არ აღიარებენ. სუსმა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. დაკავებულები არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.
იდენტიფიცირებულნი არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები. დადგენილია მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი - ირანის მოქალაქე.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს. სწავლობდა ობიექტის გადაადგილების მარშრუტებს და მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან. მკვლელობის შემსრულებლისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი. კვალის დაფარვის მიზნით, მათ შორის პირდაპირი შეხვედრები არ იმართებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით.
როგორც ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები იარაღის შეძენა-შენახვა-გასაღების ნაწილით თავს დამნაშავედ არ ცნობენ. უფლებადამცველის განცხადებით, მათ მკვლელობის მომზადებაში ბრალს ვერ წარუდგენენ, ვინაიდან ბრალის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.
"არც ერთი მტკიცებულება ამის დამადასტურებელი არ არსებობს, გარდა იმე ერთი ჩვენებისა, რაზედაც საუბრობს ერთ-ერთი დაკავებული, პაკისტანის მოქალაქე, რომელიც საუბრობს კონკრეტული ბიზნესმენის მკვლელობაზე დაკვეთით, თუმცა ის ჩვენებაში არ საუბრობს რაიმე სახით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მონაწილეობაზე აღნიშნულ საქმეში, შესაბამისად, მათ ბრალს ვერ წარუდგენენ," - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი ლალი ბარბაქაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობის მომზადებაზე ბრალი არ აქვს წარდგენილი.
"ის საქართველოში ჩამოსულია სექტემბრის თვიდან. არ ვიცი ეს ოპერატიული ინფორმაცია თუა ან გასაიდუმლოებული, ყოველ შემთხვევაში ამ საქმეში მას, გარდა იარაღის შეძენა-შენახვისა სხვა ბრალი არ ეხება. მკვლელობის მომზადებაზე ოფიციალურად ბრალი არა აქვს წარდგენილი," - განაცხადა უფლებადამცველმა.
ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა რამდენიმე დღის წინ, არის დიდუბე, გორის ქუჩა. "კურიერი" იმყოფებოდა ადგილზე, სადაც ერთ-ერთი დაკავებული მეუღლესთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა როგორც მეზობლები ამბობენ, მას შემდეგ, რაც სპეცოპერაცია ჩატარდა და აღნიშნული ბინიდან აიყვანეს ბრალდებული, მისმა მეუღლემ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.