15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
ე.წ. ქოლცენტრების საქმე და მისი შესაძლო კავშირი კეზერაშვილთან - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ისევ დაპირისპირების თემაა

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ისევ დაპირისპირების თემაა. პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა დღეს პლენარული სხდომა. პირველი, რაზეც დეპუტატებმა იმსჯელეს, სწორედ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი იყო.

ოპოზიციის განცხადებით, კანონპროექტი არ არის მორგებული ქართულ რეალობას, უმრავლესობა კი ამბობს, რომ ეს უკრაინული მოდელია, რომელსაც მოლდოვაც განიხილავს.

პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა სხვა თემებზეც, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე.

საუბარი შეეხო ე.წ. ქოლცენტრების საქმეს. რამდენჯერმე ახსენეს გვარამიას, სააკაშვილისა და კეზერაშვილის გვარები.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა უნდა აღიაროს, რომ "რუსთავი 2" გვარამიას და მის გუნდს მიტაცებული ჰქონდა და სასამართლომ, მათ შორის სტრასბურგმაც, იგი კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.

"ის ევროპარლამენტარები, რომელთა გვარების ჩამოთვლასაც აღარ დავიწყებ, ყველამ კარგად იცით, აღიარებენ იმას, რომ ნიკა გვარამიას და მის პოლიტიკურ გუნდს ჯერ ჰქონდათ "რუსთავი 2" რეიდერული წესით დაყაჩაღებული? და სასამართლომ, მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ, ის კანონიერ მფლობელს დაუბრუნა - აღიარონ ეს. თუ ისინი თვლიან, რომ ეს დანაშაულები ჩადენილია, შესაბამისი შეფასება გააკეთონ და მერე სთხოვონ პრეზიდენტს, რომ ამ ადამიანის შეწყალება მოხდეს.

ანალოგიურად ეხება ეს იგივე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასაც, თვლიან ეს ადამიანები რომ მის მიერ ჩადენილი სისხლისსამართლებრივი დანაშაულებები დანაშაულია?" - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის თქმით, არსებობს ალბათობა, რომ დავით კეზერაშვილი რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს ქართული ჯარისგან და ევროპელი მოქალაქეებისგან მოპარული ფულით აფინანსებდა.

"ნათელი ხდება, თუ რატომ ცდილობდა "ნაციონალური მოძრაობა" და პროპაგანდისტული მედია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საზოგადოების თავგზის აბნევას. იქნებ იმიტომ, რომ არსებობს შესაბამისი ალბათობა და ეს მათთვის ცნობილი იყო, იმისა, რომ ქართული ჯარის ძარცვით მიღებული თანხებთან ერთად ოლიგარქი კეზერაშვილი გერმანელი და სხვა ევროპელი მოქალაქეების, მათ შორის პენსიონერების გაძარცვით ნაშოვნი მილიონებით აფინანსებდეს რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობას" და მის პროპაგანდისტულ მედიას," - თქვა მათიკაშვილმა.

დღის ამბები