15 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
თავმჯდომარე უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა ვინმეს გამშვები და ცენზორი პარტიაში - დავით კირკიტაძე

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" გრძელდება. პარტიაში პოზიციები ისევ ორადაა გაყოფილი. სავარაუდოდ, თავმჯდომარეობის კანდიდატთა რაოდენობა გაიზრდება. ერთ საათში განცხადებას გააკეთებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი. პარტიის თავმჯდომარეობის მსურველთა განაცხადების მიღება უახლეს მომავალში დაიწყება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ 7 პირისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა არჩევნებისთვის ყველაფერი მომზადდეს და პროცესმა გამართულად ჩაიაროს.

"საჯარო დისკუსიას, მათ შორის და აზრის გამოთქმას ვერავინ ვერავის აუკრძალავს და არ ვიცი, როდიდან გახდა ზურგში დანის ჩარტყმა, ახალგაზრდების მხრიდან საკუთარი მოსაზრების გამოთქმა და საკუთარი წინადადების დაყენება. რაც შეეხება მელიასთან საუბარს არჩევნებთან და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობდა პარტიასა და პარტიის მხარდამჭერებს შორის, მე პირადად მასთან მქონია საუბარი, მქონია ათეულობით ადამიანის თანდასწრებით და გამოსავლის გზის ერთ-ერთ ვარიანტად მისთვის მიმიცია რჩევა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები. თავმჯდომარე კიდევ, უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა ვინმეს გამშვები და ცენზორი პარტიაში," - ამბობს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი დავით კირკიტაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ ფოკუსი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა ყოფილიყო.

"არ დამიმალავს ჩემი პოზიცია. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე ვერაფერს ვერ შევცვლით, თორემ კი, გეთანხმებით, რომ ფოკუსი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით ჩვენ იმაზე, რომ ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად ნაჩქარევი გადაწყვეტილებების შემთხვევაში რაიმე შეცდომა რომ გაგვეპაროს, ეგეც არ გვინდა. შესაბამისად, დასკვნებს ალბათ ყველანი შემდგომ გამოვიტანთ, რა მოხდა, როგორ მოხდა, ფორსირება იყო აღნიშნული საკითხის თუ არა. მე არ ვფიქრობ, რომ სწორია ზოგადად ერთ ადამიანზე გადაბრალება ყველაფრის," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მოგების შემთხვევაში, პარტიიდან ვინმეს გაშვებას არ გეგმავს, თუმცა პარტიულ თანამდებობებს რამდენიმე თანაგუნდელი ვერ დაიკავებს.

"ვის აქვს უფლება, რომ ვინმე პარტიიდან გარიცხოს, მაგრამ წამყვან პარტიულ თანამდებობებს რომ რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს ცხადზე უცხადესია იმიტომ, რომ იქ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც არიან მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული და არა სხვა გეგმებითა და ამოცანებით არიან გამსჭვალული, რაზეც მომავალში ვისაუბრებ.

პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. ვფიქრობ, რომ პარტიაში სათადარიგო სკამზე არის ათობით ძალიან ღირსეული, კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანი, რომლებსაც აქვთ უნარი იყვნენ ძალიან ეფექტურები. როცა იდეური განსხვავება გაქვს შენ შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, ეს ეხება 3-4 ადამიანს, ბუნებრივია შეუძლებელია საუბარი პროგრესზე და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას. თუ ეს მას შეუძლია დღეს, მერწმუნეთ ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ასევე ხელისუფლებაში ყოფნისას“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები