ნატო-ს პირველადი შეფასება პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტის შესახებ - როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა ან რუსეთი ამზადებს შეტევით სამხედრო მოქმედებებს ნატო-ს წინააღმდეგ.
წინასწარი ანალიზით, ფაქტი სავარაუდოდ გამოწვეული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით, თუმცა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის უკრაინის ბრალი, ვინაიდან უკანონო თავდასხმას რუსეთი განაგრძობს მის ტერიტორიებზე. განცხადება ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა - შეკრება გუშინდელი ფაქტის შემდეგ პოლონეთის მოთხოვნით გაიმართა.
"გუშინდელი აფეთქება მაშინ მოხდა, როცა რუსეთმა უკრაინის მასშტაბით სარაკეტო თავდასხმების მასიური ტალღა წამოიწყო. უკრაინაში რუსეთის არალეგალური ომის დაწყების შემდეგ, ნატომ გააძლიერა სიფხიზლე აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვაკვირდებით სიტუაციას. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენ უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ნიშანი, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმის შედეგი და არ გვაქვს ნიშანი, რომ რუსეთი ამზადებს შეტევით სამხედრო მოქმედებებს ნატოს წინააღმდეგ.
ჩვენი წინასწარი ანალიზის თანახმად, ინციდენტი, სავარაუდოდ გამოწვეული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით, რომელიც გასროლილ იქნა უკრაინის ტერიტორიის დასაცავად რუსული საკრუიზო რაკეტებისგან. მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ. დღევანდელ შეხვედრაზე ნატოს მოკავშირეებმა ღრმა მწუხარება გამოთქვეს ტრაგიკული შემთხვევის გამო. მათ გამოხატეს თავიანთი მტკიცე სოლიდარობა ჩვენი ძვირფასი მოკავშირე პოლონეთისადმი და ნათლად განაცხადეს, რომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა დაიცვას თავი. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს უაზრო ომი. ნატო ერთიანია და ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.