15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
​დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია, ოპოზიციის მხარდაჭერა კი ისევ არ აქვს - რა არის მთავარი, სამართლებრივი ჩარჩო თუ კანონი, რომელიც კონკრეტულ პირს მოერგება

ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის მკაფიო გზავნილის მიუხედავად, რომ მთავარი სამართლებრივი ჩარჩოა და არა კანონი, რომელიც კონკრეტულ პირს მოერგება, ოპოზიციის ნაწილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მხარს მაინც არ უჭერს. ხელისუფლების ოპონენტები დღეს კენჭისყრის გადადებას იმ დრომდეც კი ითხოვდნენ, სანამ კანონპროექტზე დასკვნას ვენეციის კომისია არ დადებს.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია. პროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. 6-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, 34-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ხელისუფლების ოპონენტებმა ხმის მიცემამდე კენჭისყრის გადადება მოითხოვეს. მათი თქმით, კანონპროექტზე მსჯელობა იქამდე უნდა შეჩერდეს, ვიდრე ვენეციის კომისია მასზე სამართლებრივ დასკვნას არ მოამზადებს. სახელისუფლებო გუნდში ოპონენტებს შეახსენეს, რომ კანონპროქტზე შინაარსობრივ მსჯელობაში არა კენჭისყრამდე, არამედ მეორე მოსმენის დროს უნდა შესულიყვნენ.

"ქართულ ოცნებაში" დღეს ისიც განმარტეს რატომ არ აგზავნიან პროექტს ვენეციის კომისიაში. მმართველი გუნდის თქმით, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი უკრაინული მოდელის ანალოგია, უკრაინას კი რამდენიმე თვეა პროექტი ვენეციის კომისიაში აქვს გაგზავნილი თუმცა დასკვნა ამ დრომდე არ მიუღია.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მკაფიო გზავნილი დაუტოვა, როდესაც განაცხადა, რომ ოლიგარქიის წინააღმდეგ აუცილებელი სამართლებრივი ჩარჩოა და არა რომელიმე კონკრეტულ პირზე მორგებული კანონი.

მმართველ პარტიაში აინტერესებთ, რატომ იქნება საქართველოს შემთხვევაში კანონი ცუდი, თუ ის უკრაინისთვის კარგია და ამასთან, მას ევროკავშირის მოწონებაც აქვს.

მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი პროექტი უკრაინულ მოდელს უფრო დაუახლოვდა. მეორე მოსმენის ფარგლებში გაჩნდა ინიციატივა, რომ ოლიგარქების რეესტრის შექმნის უფლებამოსილება, ისევე როგორც ამას უკრაინული კანონი ითვალისწინებს, პარლამენტის ნაცვლად მთავრობას გადაეცეს.

დღის ამბები