15 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
ალბათ ფიქრობს, რომ მას შეუძლია გაცილებით მეტის მოტანა "ნაციონალური მოძრაობისთვის" - ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილის კანდიდატურაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, იგი ელოდა, რომ ენმ-ის თავმჯდომარეობისთვის ლევან ხაბეიშვილი იბრძოლებდა - ამის შესახებ ბაჩო დოლიძემ "რუსთავი 2-ზე" "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა კითხვაზე, იყო თუ არა მოულოდნელი ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურის წამოყენება.  

"ჩემთვის პირადად ბრიფინგი მოულოდნელი იყო. მე ვგულისხმობ ბიბლიოთეკაში გამართულ ბრიფინგს. იმიტომ, რომ ამ ადამიანების ნაწილს ველოდებოდი მეორე დღეს შეხვედრაზე და როგორც ყველა დანარჩენმა დავინახე ბრიფინგზე იდგნენ და გააკეთეს ის განცხადება რაც გააკეთეს.

იყო თუ არა ბიბლიოთეკაში გამართული ბრიფინგის მსგავსად მოულოდნელი ხაბეიშვილის კანდიდატურის დაყენება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის პოსტზე - კითხვის საპასუხოდ ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილის კანდიდატურას ელოდებოდა.  

"მე ველოდებოდი. მიუხედავად მისი თავდაპირველი პოზიციისა, რაც მე მოვისმინე, თითქოს უარს იძახდა აღნიშნულ კანდიდატურაზე. მე მაინც ვფიქრობდი, რომ ის დააყენებდა საკუთარ თავს, შესაბამისად არ შევცდი ჩემს მოლოდინებში,"- განაცხადა დოლიძემ. 

ამასთან, კითხვაზე როგორ აფასებს თანაპარტიელის, ლევან ხაბეიშვილის მიერ წამოყენებული კანდიდატურას და იყო თუ არა ეს ნაბიჯი ზურგში დანის ჩარტყმა?! ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას დრამატულად არ აფასებს. 

"ასე დრამატულად მე ვერ შევაფასებ. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მოულოდნელობა არის იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც ადამიანებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გაქვს, როდესაც თათბირები და შეხვედრები გაქვს იმ მეგობრებთან ერთად, რომლებიც დღეს ამ პროცესებში არიან ჩართულები, უცბად რომ ხედავ ბრიფინგზე ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა არავის ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა. მაგრამ როდესაც გამოცხადდა არჩევნები, უკვე ყველას გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ-ჩვენი კანდიდატურა წამოგვეყენებინა. შესაბამისად, ლევანმაც ჩათვალა საჭიროდ და წამოაყენა თავისი კანდიდატურა. ალბათ ფიქრობს, რომ მას შეუძლია გაცილებით მეტის მოტანა "ნაციონალური მოძრაობისთვის" როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ. 

დღის ამბები