"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი "ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ შიდა დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის კლანებს შორის ბრძოლა და საბოლოო ჯამში, "რაც დათესეს, იმას იმკიან."
თალაკვაძისვე შეფასებით, ენმ კარგავს იმ ელექტორატს, რომელიც ჰყავდა.
"საზოგადოება თვალს ადევნებს "ნაციონალურ მოძრაობაში" კლანებს შორის ბრძოლას. ეს იყო პარტია, რომელსაც 2012 წლიდან ამოძრავებდა პოლიტიკური შურისძიება. ისინი ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს, მიიღეს რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში. ისინი აანონსებდნენ უმრავლესობის დაშლას და თავად ეშლებათ პარტია. საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ რაც დათესეს, იმას იმკიან. ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლო სერია. ბოლო სერიაში ვნახავთ, რომ ის მანდატები, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" უპატივცემულოდ ეპყრობა, ამას აუცილებლად მოსთხოვს საკუთარივე ელექტორატი და ხედავთ, რომ ძალიან ბევრი მათი ტრადიციული მხარდამჭერი მიიჩნევს, რომ დღეს აღარ არის ის პარტია, რომელსაც მხარს უჭერდნენ. ამ ლიდერებზეც: მელიასა და ხაბეიშვილზე ამბობენ - რა გამოვიწერეთ და რა ჩამოგვივიდაო, ეს არის მარტივად ის უკმაყოფილება, რომელიც ჩანს. პარტია კარგავს იმ ელექტორატს, რომელიც ჰქონდა.
ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, განსაკუთრებით მათ, ვინც ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი, მათ ექნებათ კარგი შესაძლებლობა, თუ ისევ უნდათ, რომ მხარი დაუჭირონ, ჩაანაცვლონ ეს ტოქსიკური ძალა, ახალი ოპოზიციური პარტიებით, რომლევიც აჩვენებენ, რომ მათ უფრო მეტად შეუძლიათ მუშაობა პარლამენტშიც და ქვეყნის ინტერესების გარშემოც," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.