"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები დაზიანებულიყო. თუმცა, თალაკვაძის განცხადებით, მმართველ გუნდს ამ შემთხვევაში ძალიან ღირსეული პოზიცია ეკავა.
თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერაზეც ისაუბრა.
"როგორც ევროკავშირთან მიმართებაში, რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები დაზიანებულიყო. ეს საქმე იქ დაიწყო სააკაშვილმა და აქ გააგრძელეს მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრეებმა. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის როგორმე დაზიანებულიყო. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს ძალიან ღირსეული პოზიცია, ჩვენ მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური უთანხმოების წინ წამოწევა დღეს არ იქნება სწორი, არ იქნება მეგობრული და სამართლიანი. ჩვენ მივულოცეთ უკრაინასაც და მოლდოვასაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და მხარს ვუჭერთ მათ ევროინტეგრაციას, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ყველა წონიან რეზოლუციას უკრაინის მხარდასაჭერად ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, მათ შორის, საერთაშორისო გამოძიებას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ რუსეთის ფედერაციის წევრობის შეწყვეტას ევროპის საბჭოში, რადგან ის როგორც უკრაინას ართმევს ტერიტორიებს, ასევე, საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. აღარ ვისაუბრებ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ რა დამოკიდებულება გამოხატა და დღემდე რა მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხსა და საზოგადოებას.
უკრაინელებმა დღეს ძალიან კარგად იციან, რომ სანამ მათ ქვეყანაში არის ომი და იბრძვიან თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის, საქართველო არის მათი ოჯახის წევრებისთვის მეორე სახლი და ჩვენი სახლის კარი მათთვის ყოველთვის ღიაა, ეს ჩვენ დავამტკიცეთ საქმით," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.