15 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელებს კითხვები აქვთ 

2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელებს კითხვები აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების ნაწილი გარკვეულწილად უმჯობესდება, ეს შესაძლოა მმართველმა გუნდა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტის ნაწილი რიგ შემთხვევებში საჭიროებებს არ პასუხობს და მეორე შემთხვევაში, ფულის გამოყენება წინასაარჩევნო მიზნებისთვის ხდება.

"ახლა ყველას კარგად გვესმის, რომ ქართული ოცნება ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს საჯარო ფინანსები, მათ შორის ბიუჯეტის რესურსები, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიიბას და საარჩევნო სენტიმენტებზე ამით ითამაშოს." -  აცხადებს ბექა ლილუაშვილი. 

წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს აფასებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, რომან გოცირიძე.

"მთავარი პრობლემა ამ ბიუჯეტის არის ტრადიციული, ეს არის მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ის, რომ კვლავ დაუსაბუთებლად დიდი რაოდენობის ვალებს იღებენ, რაც შემდეგ საფუძველი გახდება ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის. რაც შეეხება კონკრეტულ მუხლებს, ასეულ მილიონობით ფული იფლანგება ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პროექტებზე," - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რთული პირობებისა, სწორმა პოლიტიკამ განაპირობა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი პარამეტრების ნაწილში გაუმჯობესებულია.

"როდესაც ჩვენი რეგიონი არის პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლის ალში გახვეული, ერთი ომი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, მეორე უკრაინა-რუსეთის ომი, რომელიც გრძელდება დღემდე, მათ შორის მანამდე პანდემია, მიუხედავად ამისა, საქართველო, იმ სწორმა პოლიტიკამ რომლის ავტორიც არის ბატონი ღარიბაშვილი და მისი მთავრობა მთელს გუნდთან ერთად, მოგვცა შესაძლებლობა რომ გაგვეზარდა ეს შემოსულებები და მომავალი წლის ბიუჯეტი მათ შორის პარამეტრების ნაწილშიც გაუმჯობესებულია," - აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე იწყება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტით გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის 20%-ით ხელფასის მატება.

10 პროცენტით გაეზრდებათ ხელფასი საჯარო სექტორში დასაქმებულებს, იზრდება ხარჯები სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებითაც, სადაც ძირითადად იგულისხმება პენსიების და დანამატების ზრდა, ასევე 6 მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე.

დღის ამბები