"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება, მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დააყენა, ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში, პოზიციები კიდევ უფრო შეიცვალა.
ნაწილი ხაბეიშვილის კანდიდატურას, ნაწილი კი ნიკა მელიას უჭერს მხარს. უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი ხაბეიშვილის ინიციატივა გახდა - საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შტაბის შექმნაზე. შტაბის ხელმძღვანელობა ხაბეიშვილმა ჩალაძეს შესთავაზა, რის შემდეგაც გიორგი ჩალაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
"ლევან ხაბეიშვილს პარტიის შიგნით საკმაოდ დიდი ჯგუფი უჭერს მხარს. ამიტომ ვფიქრობ რომ ხაბეიშვილს შეუძლია პარტიაში მოიტანოს ახალი ენერგია და ახალი მუხტი. ის საერთო გუნდთან ერთად შეძლებს თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძსთვის კი მიუღებელია კულისებიდან პროცესის წარმართვა. ის ყურადღეაბას ღიაობაზე ამახვილებს.
"მე არ მომწონს, როდესაც კულისებიდან ხდება რაღაც პროცესების წარმართვა, თუკი ვსაუბრობთ დემოკრატიაზე და საჯაროობაზე, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი მაქსიმალურად ღიად უნდა იყოს,"- ამბობს ბაჩო დოლიძე.