რა ინფორმაციას ფლობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მაშინ, როდესაც საუბრობდნენ რუსული სანქცირებული ტვირთის რეექსპორტის ხელშეწყობაზე და, ასევე, იცოდნენ თუ არა მათ, რომ ტანკერი, რომელიც ბათუმში შემოვიდა, კომპანია "გალფს" და დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორებს ეკუთვნოდა - ამ შეკითხვებს ხელისუფლების ოპონენტები არაერთგვაროვნად პასუხობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, სუსი დაკავებულია დავით კეზერაშვილისთვის ფოტოების გადაღებით.
"ჩვენ ვერაფერში ვერ დაგვადანაშაულებს "ნაციონალურ მოძრაობას". ერთადერთი ის ჩანს, რომ სუსი დაკავებულია კეზერაშვილის ფოტოების გადაღებით," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ენმ-ის კიდევ ერთი წევრის რომან გოცირიძის თქმით კი, იმ ინფორმაცია, რაზეც ოპოზიციამ ხელისუფლება ამხილა, ახლა სურთ უკან ოპოზიციას შემოუბრუნონ.
რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს პაატა მაჯგალაძეს, მისი თქმით, დარწმუნებით არასდროს უთქვამს, რომ რუსეთის მიერ საქართველო გამოყენებულია სანქციებისთვის გვერდის ავლის გზად.
"არ ვიცი რა ურთიერთობა აქვს ამ გემს, ნაკაიძეს და ტვირთს ერთმანეთთან. ერთი რაც ვიცი, 2012 წლის მერე, რაც მოვიდა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და საწვავზე დამოკიდებულება გაზრდილია და 90%-ს მოიცავს. იყო გავრცელებული კონკრეტული ინფორმაცია, რომ შესაძლებელია საქართველო გამოყენებულ იქნას სანქციებისთვის გვერდის ავლად. მე ვარ ფრთხილი, მოზომილი ყოველთვის შეფასებებში, როგორც ახლა. ვერ იპოვით რომ მე ვთქვი, ეს არის "ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული." ასეთ რამეს ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ მე ამის პირდაპირი მტკიცებულება არასდროს არ მქონია, არც ახლა არ მაქვს," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, სააგენტო "კვირას" ინფორმაციით, გერმანელმა ჟურნალისტებმა სააგენტოს ფოტო მოაწოდეს, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმის ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებშია გადაღებული. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ, ფოტოზე დავით კეზერაშვილთან ერთად ბიზნესმენი ვანო ნაკაიძე ჩანს. ამასთან, განმარტავენ, რომ "ვანო ნაკაიძეს ეკუთვნოდა სატვირთო გემი, რომელიც ივნისში ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა და რომელზეც ელენე ხოშტარია ამტკიცებდა, რომ მას სანქცირებული რუსული ტვირთი გადაჰქონდა".