ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება გრძელდება. მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა კანდიდატურა წამოაყენა და მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მიმართულებით შტაბის შექმნა დაანონსა, დისკუსია უფრო გამწვავდა.
გიორგი ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა, თავმჯდომარეობის კიდევ ერთი მსურველი კი უკმაყოფილოა, რომ იდენტურ ინიციატივაზე ერთი წლის წინ ყველა ლიდერმა იგნორით უპასუხა.
ისინი, ვინც არჩევნების მოთხოვნას კოლეგების მხრიდან უდროო უწოდა, გუნდელებს სადღეგრძელოების ნაცვლად კონკრეტულ გეგმებზე საუბრისკენ მოუწოდებს. ისევ ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი ჯგუფი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიისთვის კარგი თავმჯდომარე იქნება.
"ლევან ხაბეიშვილი არის მებრძოლი ლიდერი და ეს ადამიანი თავმჯდომარეობის შემთხვევაში გუნდს დამატებით ენერგიას და ბრძოლისუნარიანობას მოუტანს. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხარე და მიხეილ სააკაშვილის პარტია როგორც არუნდა დასრულდეს არჩევნები ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება,"- აცხადებს ირაკლი ნადირაძე.