ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს 2023 წლის ბიუჯეტი გააცნო. ინფლაცია, ხელფასების ზრდის საჭიროება და ინფრასტრუქტურული პროექტები - ეს იყო ძირითადი საკითხები, რაზეც დეპუტატებს ლაშა ხუციშვილთან კითხვები ჰქონდათ.
ოპოზიცია დაინტერესდა, რის საფუძველზე დარეგულირდა სხვადასხვა საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების ზრდა. ასევე კითხვები დაისვა ხელფასების ზრდის საჭიროებაზე კონკრეტული უწყების თანამშრომლებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე და ასევე ინფლაციაზე.
"ხელფასების ზრდა, რითაც ტრაბახობს ეს ხელისუფლება, სამწუხაროდ, სხვადასხვა უწყებებში სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებელია ზრდის. მაგალითად, ყველაზე დიდი ზრდა არის მთავრობის ადმინისტრაციაში, 28,5% დაახლოებით, მაშინ, როდესაც სხვა უწყებებში, მაგალითად, პარლამენტში ადმინისტრაციის ხელფასები 3,5%-ით არის მხოლოდ გაზრდილი. მაინტერესებს, რა არის პოლიტიკა ამ დიფერენციაციის, რაზე დააფუძნეთ ის, რომ სხვადასხვა იყოს ზრდა ხელფასების, სხვადასხვა უწყებებში," - მიმართა ხათუნა სამნიძემ ლაშა ხუციშვილს.
ამ კითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საბაზისო ხელფასის ზრდა თანაბრად შეეხება აბსოლუტურად ყველა საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს. მინისტრის თქმით, ხელფასების მატება 10%-ით განისაზღვრა.
"გასულ წელს გავზარდეთ 10%-ით, მომდევნო წელსაც ვაპირებთ რომ ასევე 10%-იანი ზრდა გვქონდეს. ამ მიმართულებით ჩვენ გავზრდით საბაზისო ხელფასს, ანუ საბაზისო ხელფასი გაიზრდება 10%-ით, რაც თანაბრად შეეხება აბსოლუტურად ყველა საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს და შესაბამისად, ეს 10%-იანი ზრდა ყველგან იქნება გარანტირებული," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მთავარი საფინანსო დოკუმენტით გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის 20 პროცენტით ხელფასის მატება, 10 პროცენტით გაეზრდებათ ანაზღაურება საჯარო სექტორში დასაქმებულებს, იზრდება ხარჯები სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებითაც, სადაც ძირითადად იგულისხმება პენსიების და დანამატების ზრდა, ასევე 6 მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5 პროცენტის ფარგლებში.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა პლენარულ სხდომაზე უკვე დასრულებულია. ბიუჯეტის პროექტი მთავრობას დაუბრუნდა. არ არის გამორიცხული, მასში დამატებითი ცვლილებები შევიდეს და სწორედ ამის შემდეგ დაბრუნდეს ის ისევ პარლამენტში. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს 30 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნდეს, კენჭისყრა კი დეკემბრის მეორე ნახევარში უნდა ჩატარდეს.