15 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: როცა ქვეყანას ყველაზე ძალიან სჭირდებოდა ფუნქციური და ქმედითი პარლამენტი, თქვენ მაშინ საკუთარ ქვეყანასთან იყავით გაბუტულები და ბოიკოტში იმყოფებოდით

"როცა თქვენს ქვეყანას ყველაზე ძალიან სჭირდებოდა ფუნქციური და ქმედითი პარლამენტი, თქვენ მაშინ საკუთარ ქვეყანასთან იყავით გაბუტულები და ბოიკოტში იმყოფებოდით, სანამ ევროპელმა პარლამენტარებმა პირდაპირ არ გითხრეს, რომ ძირს უთხრიდით საქართველოში დემოკრატიას“,-ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის პირობებში, პოლიტიკური გუნდის მმართველობის პირობებში ნაბიჯები გადადგმულია სწორედ იმ  ოთხი მიმართულებით, რაზეც ოპოზიცია საუბრობს. 
 
ოპოზიციის  წარმომადგენელმა ამ ტრიბუნიდან ჩამოთვალა ის ოთხი ფუნდამენტური პირობა, რაც სახელმწიფოს სჭირდება, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მან თქვა, რომ ამისათვის საჭიროა ძლიერი, ფუნქციური დემოკრატია, ეკონომიკა, უსაფრთხოება და კანონის უზენაესობა.
 
თქვენ ის ოპოზიცია ხართ, რომელიც სათაურებით ლაპარაკობთ ამ ტრიბუნიდან, იმიტომ, რომ 12 პუნქტის ფარგლებში რა კანონებიც შემოვიტანეთ დასამტკიცებლად, ჩვენ თქვენი არგუმენტები არ გვინახავს. ჩვენ თქვენი სათაურები ვნახეთ, რომ ეს არ ვარგა, რომ  ის არ არის, რასაც ელის საზოგადოება, ოღონდ, რომელი საზოგადოების სახელით საუბრობთ, მინდა, რომ შეგახსენოთ.  თქვენ იმ საზოგადოების სახელით საუბრობთ, რომლის უმცირესობამაც მხარი დაგიჭირათ, მაგრამ ისიც არ იკადრეთ, რომ თქვენი ამომრჩევლებისთვის პატივი გეცათ, პარლამენტში შემოსულიყავით და გემუშავათ. რვა თვე დაგჭირდათ, როცა თქვენს ქვეყანას ყველაზე ძალიან სჭირდებოდა ფუნქციური და ქმედითი პარლამენტი, თქვენ მაშინ საკუთარ ქვეყანასთან იყავით გაბუტულები და ბოიკოტში იმყოფებოდით, სანამ ევროპელმა პარლამენტარებმა პირდაპირ არ გითხრეს, რომ ძირს უთხრიდით საქართველოში დემოკრატიას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები