რადიკალურ ოპოზიციას ომის პარტია შემთხვევით არ ვუწოდეთ, მათი მთავარი ამოცანა იყო და არის ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა, მზად იყვნენ და არიან, ხელი მოაწერონ ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას, ჩვენ ეს კარგად ვიცით და ჩემს წინა გამოსვლაში გარკვეული მტკიცებულებები წარმოგიდგინეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, "დიდი განსხვავებაა ჩვენსა და რადიკალურ ანტისახელმწიფოებრივ ძალას შორის".
"რაც მათთვის არის უცხო, ის ჩვენთვის ორგანულია, ბუნებრივია. ჩვენ ჩვენი საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმას გავაკეთებთ, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" შეძლო უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში.
"ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მეგობრებს დიდ პატივს ვცემთ და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მიუღებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ისევე როგორც მიუღებელია და მე არასოდეს მომისმენია რადიკალური ოპოზიციის წევრების შეფასება იმასთან დაკავშირებით, როცა მაგალითად, ყოფილი თუ მოქმედი წევრები, სხვადასხვა სახელმწიფოების, თავს ესხმიან ჩვენი ხელისუფლების, ქვეყნის წარმომადგენლებს, მოქმედ თუ ყოფილ წევრებს. ეს მიუღებელია, მაგრამ აქ სად არის ეროვნული ინტერესები, სად ჩანს, რომ ეს ადამიანები იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. პირიქით, ემსახურებიან მტრულად განწყობილი ადამიანების ჯგუფების ინტერესებს. ომის პარტია შემთხვევით არ ვუწოდეთ რადიკალურ ოპოზიციას, მათი მთავარი ამოცანა იყო და არის სწორედ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და მზად იყვნენ და არიან, ხელი მოაწერონ ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას, ჩვენ ეს კარგად ვიცით და მე ჩემს წინა გამოსვლაში გარკვეული მტკიცებულებები წარმოგიდგინეთ.
ჩვენმა მეგობრებმა გამოსვლებში ახსენეს, რომ ჩვენ შევძელით მართლაც უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში, რაც არის საწინდარი იმ კეთილდღეობის, რომელიც მოიტანა „ქართული ოცნების“ მმართველობამ. სად ვიყავით, აღარ გავიმეორებ. ყველას კარგად გახსოვთ, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს," – აღნიშნა პრემიერმა.