რეზოლუცია საქართველოს შესახებ ევროპის სახალხო პარტიამ პოლიტიკურ ასამბლეაზე, ლისაბონში დაამტკიცა. იპიპი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მთავარი მოკავშირე პარტიაა ევროპაში, ხელისუფლებას მოუწოდებს შეასრულოს 12 რეკომენდაცია, დაგმოს სიძულვილის ენა, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ხოლო ევროკავშირსა და პარტნიორებს ურჩევს პირადი სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს. პროექტის დამტკიცებას ადგილზე პირადად ესწრებოდა ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.
სწორედ ეს ბოლო საკითხი იყო თბლისში პოლიტიკური გამოხმაურებების მთავარი საგანიც. მმართველი პარტიის თავმჯომარე უსამართლოს უწოდებს ქართული ოცნების დამფუძნებლის მიმართ მსგავსი ტიპის ჩანაწერს და ამბობს, რომ უმჯობესია საჯარო გახდეს რის გამო ითხოვენ ივანიშვილის დასანქციერბას.
სანქციების დაწესების მოლოდინი არ აქვს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს, რომელიც ამბობს, რომ ამ თემაზე არც ახლა და არც აქამდე არგუმენტირებული პოზიციები არ მოუსმენია.
ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას არ ელის ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელიც დღეს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპის სახალხო პარტიის კავშირებზეც საუბრობდა. ხელისუფლების ოპონენტების ეს ჯგუფი ფიქრობს, რომ რეზოლუციის შემუშავების პროცესში, მიხეილ სააკაშვილის პარტია მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებდა.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი რეზოლუციის ტექსტს იწონებს. ისინი ფიქრობენ, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში პრობლემას მმართველი პარტია ქმნის და ამით საფრთხეს ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის.
”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტი იმ პარტიისგან, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობს, მათთვის მოულოდნელი არ იყო. ამბობენ იმასაც, რომ სწორედ ასეთი რეზოლუციების დამტკიცება აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
ევროპის სახალხო პარტიამ რეზოლუციის პროექტი კენჭისყრაზე დღეს, დღის მეორე ნახევარში დააყენა, დღის ბოლოს კი დაამტკიცა.