რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გამოსვლის ძირითადი დრო ხელისუფლების მწვავე კრიტიკისთვის გამოიყენა.
პრემიერ - მინისტრმა გიორგი ვაშაძეს ადეიშვილის მოადგილეობა შეახსენა და მჩაგვრელი რეჟიმის სახე უწოდა. ასევე ის კონკრეტული რეფორმები შეახსენა, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან ურთიერთობის ფარგლებში განახორციელა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს.
ევროპულ ოჯახში შესვლას, მთავრობის ხელმძღვანელის შეფასებით ხელს ოპოზიციის საბოტაჟი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები უშლის. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კონტექსტში, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა და ამ რეზოლუციის მიღებაში ოპოზიციის ნეგატიურ წვლილზე გააკეთა აქცენტი. პრემიერ-მინისტრმა ოპონენტებს რეკომენდაციების პირველი პუნქტის შესრულებისკენ და პოლარიზაციის დასრულებისკენ მოუწოდა.
ოპოზიცია დაინტერესდა, რა გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველო როგორც ეკონომიკურად, ასევე სასურსათო და ენერგოუსაფრთხოების კუთხით ნაკლებად დამოკიდებული იყოს რუსეთზე.
საპასუხოდ, მთავრობის ხელმძღვანელმა 2008 წელი და ომის შემდგომი პერიოდი გაიხსენა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირველმა პირებმა, პრემიერის თქმით, რუსეთს სტრატეგიული ობიექტები გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ქვეყანა საბრძოლო პოლიგონად გადაიქცეოდა.
სამი კითხვა და რვა ოპოზიციონერი ავტორი, დეპუტატებმა მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ განმარტებებისთვის მიიწვიეს.