ესპანეთში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 68-ე სესია იმართება. ტრიბუნას საქართველოს დელეგაცია ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების, რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ გამოიყენებს. ასამბლეის წლიური სესიის დღის წესრიგი დატვირთულია, ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების კანონმდებლები კი უკვე მადრიდში იმყოფებიან.
რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - ეს ის მთავარი თემა იქნება, რაზეც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლები იმსჯელებენ.
"ყველა კომიტეტზე მთავარი არის ნატოს ერთიანობა - ნატოს წევრების, ისევე როგორც, პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უკრაინის მიმართ სრულიად სოლიდარულია ნატოს წევრი ქვეყნები. განსახილველ საკითხებს შორისაა რუსეთის ჰიბრიდული ომი, რომლის სამიზნეცაა საქართველო. ნატო მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს ისევე, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები," - განაცხადა პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ.
ქართველ კანონმდებლებს პარალელურად დაგეგმილი აქვთ ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან. საქართველოს პარლამენტის წევრებმა უკვე გამართეს პირველი აუდიენცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან.
"საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობის დღევანდელი დღის წესრიგი არის ძალიან დატვირთული, იმართება რამდენიმე კომიტეტის სხდომა, სადაც გადის რამდენიმე ანგარიში. ასევე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ ანგარიშებში ასევე საუბარია საქართველოზე და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერაზე. ხაზგასმულია ისიც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არაა ერთადერთი და იზოლირებული მოვლენა, რომ ეს ყველაფერი დაიწყო თავის დროზე 2008 წელს. დოკუმენტები, სადაც ალიანსის მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს მხარდაჭერას, ასევე ღია კარის პოლიტიკას," - განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.