ალიანსის წევრი 269 და 100 დეპუტატი პარტნიორი ქვეყნებიდან - მადრიდი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 68-ე სესიას მასპინძლობს.
ზაფხულში NATO-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია - ეს ის ძირითადი თემაა რაზეც დელეგატები საუბრობენ. დღეს 5 ძირითადი კომიტეტი მუშაობს, რომლებმაც 15 ანგარიში მოამზადეს. ღია კარის პოლიტიკა კი ერთ ერთი ის მთავარი საკითხია, რაზეც საქართველოს დელეგაცია ისაუბრებს.
მადრიდში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შვედეთის დელეგაციას შეხვდა. როგორც შვედეთის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჰანს ვალმარკმა განაცხადა, თუ შვედეთი NATO-ში ყოველგვარი ბიუროკრატიული ფორმალობების გარეშე გაწევრიანდება, ეს საქართველოსთვისაც პოზიტიური სიგნალი იქნება.
"30-დან 28 ქვეყანამ შვედეთისა და ფინეთის აპლიკაციის რატიფიცირება უკვე მოახდინა. ველით უნგრეთისა და თურქეთის ნაბიჯებს. ეს ყველაფერი კი აჩვენებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. ეს უმნიშვნელოვანესია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო. ვფიქრობ ევროპაში მიმდინარე ომის გამო ევროკავშირში შვედეთის პრეზიდენტობა იანვრიდან მეტწილად უსაფრთხოებას დაეთმობა, იმ ომის გამო, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს. ევროპული პოლიტიკის ბევრი ასპექტი ახლა სწორედ ომს ეხება, ასევე, უკრაინის დახმარებას, თუმცა მნიშვნელოვანია დავინახოთ რუსეთის თავდასხმები სხვა ქვეყანაზეც, როგორიც არის საქართველო, რომლის 20%-იც ოკუპირებულია. ქართულმა დელეგაციამ გვთხოვა მხარი დავუჭიროთ საქართველოს. რა თქმა უნდა - კი, ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ, თუმცა, ამავდროულად, გვაქვს მაღალი მოლოდინი ჩვენი მოკავშირისა და მეგობრისგან. ვიცი, რომ ევროკომისია 12 რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის და დეკემბერში შედეგები შემოწმდება. იმედია იქნება პოზიტიური სიგნალი, რომელიც საქართველოში ცვლილებების მანიშნებელი იქნება, რადგან ცალსახაა რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია," - განაცხადა შვედეთის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.