მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წინ მიიწევდეს ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერალდ კონოლიმ "კურიერის" მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სრულად იზიარებდეს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და პრაქტიკას.
"მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წინ მიიწევდეს ინტეგრაციის გზაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სრულად იზიარებდეს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და პრაქტიკას, რომელზეც ვსაუბრობთ. 2008 წლიდან ჩვენ აღვნიშნავდით, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რეალურად, ეს გახდა საპრეზიდენტო კამპანიის საკითხიც 2008 წლის აშშ-ის არჩევნებშიც და სავარაუდოდ, ხელი შეუწყო ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნასაც. ვიცი, რომ ჩვენს ნატოელ კოლეგებს სურთ, იხილონ წარმატებული ინტეგრაცია. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ჩვენ ვხედავთ მოვლენების განვითარებას უკრაინაში, რაც ყველას შეახსენებს რუსეთის აგრესიას მოლდოვასა და საქართველოშიც. გვსურს, აღვადგინოთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობა. გვსურს, რუსეთმა მიიღოს ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ არ ვჭრით პრობლემებს სხვების ტერიტორიებზე შეჭრით, არ ვახორციელებთ სხვების ტერიტორიების ანექსიას, არ ვხოცავთ, არ ვაწამებთ და ვაუპატიურებთ სხვებს თავისუფლებისკენ სწრაფვის გამო. ეს დაუშვებელი სტანდარტებია და ამას ვეწინააღმდეგებით. ამ კონტექსტში გვსურს, რომ საქართველო შემოგვიერთდეს როგორც პარტნიორი და როგორც თანასწორი," - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერი კონოლმა.
ესპანეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ზაიდა კანტერას შეფასებით კი, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო სწორ გზაზე დგას.
"გუშინ მქონდა შეხვედრა ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან. რამდენიმე თვის წინ ვიზიტით ვიყავი და მოვინახულე საოკუპაციო ხაზი. ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ევროკომისიამ 12 პრიორიტეტი გაუწერა ქვეყანას და ვფიქრობთ რომ 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის გზაზე, საქართველო სწორ გზას ადგას. მე როგორც ვიცი სულ მცირე საქართველოს მოსახლეობის 65 - 80%-იც კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა," - აღნიშნა ესპანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ზაიდა კანტერამ.
ცნობისთვის, მადრიდი ნატოს საპარლამენტო ასაბლეის რიგით 68-ე სესიას მასპინძლობს.