15 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
ბუქარესტში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ვისაუბრებთ, როგორ გავამყაროთ პარტნიორობა და შესრულდეს მოთხოვნები, რათა საქართველო საბოლოოდ წევრობისთვის მოემზადოს - ხავიერ კოლომინა

NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთან ეფექტურად მუშაობა გრძელდება.

კოლომინას თქმით, ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოც მიწვეულია, სადაც ისაუბრებენ, როგორ შესრულდეს მოთხოვნები, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს.

"განვაგრძობთ საქართველოსთან ეფექტურად მუშაობას. როგორც იცით, მადრიდში რამდენიმე თვის წინ დავამტკიცეთ საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცოგივინას საჭიროებებზე მორგებული პაკეტი. თვის ბოლოს ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტერიალი გვექნება, სადაც საქართველოც არის მოწვეული. გვექნება შესაძლებლობა, ვილაპარაკოთ კავკასიაზე, იქ არსებულ სხვადასხვა დინამიკაზე, რუსულ საფრთხეებზე. გვექნება საშუალება ვიმსჯელოთ, როგორ გავამყაროთ პარტნიორობა და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს მოთხოვნების შესრულებაში, რათა საბოლოო წევრობისთვის მოემზადოს. ვფიქრობ, რომ ყოველთვის არსებობს ჩარევის საფრთხე. უმეტესად და კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეებს ვგულისხმობ. 24 თებერვლის შემდეგ უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიყენებთ საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერის პაკეტებს საქართველოსთვის ბოსნიასა და მოლდოვასთვის, რადგან გვჯერა, რომ თქვენ უნდა იყოთ უფრო მეტად დაცულები და გაგრძელდეს დახმარება და თანამშრომლობა, პარტნიორობის ფარგლებში," - განაცხადა ხავიერ კოლომინამ

დღის ამბები