"ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ" - ამ სახელწოდების საკანონმდებლო პაკეტს "ნაციონალური მოძრაობა" ბიუროს სხდომაზე დააინიცირებს. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, მათი დოკუმენტი მნიშვნელოვნად განსხვავდება უმრავლესობის მიერ მოწონებული უკრაინული მოდელისგან და მისი მიღების შემთხვევაში ქვეყანა ნებისმიერი ოლიგარქისგან იქნება დაცული.
"ნებისმიერ პირს, რომელიც პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე, ფარდის უკან მოინდომებს დადგომას, მას უბრალოდ არ შეეძლება ამ პროცესებში ჩართვა, ვერ შეძლებს სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებას - ეს არის მთავარი გზავნილი.
სახელს და გვარს არ აქვს აქ მნიშვნელობა, აქ მთავარია მოდელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანაში არ იყოს და არ მართავდნენ ქვეყანას ადამიანები, რომლებიც არაფერზე არ იღებენ პასუხისმგებლობას. ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს," - განაცხადა ენმ-ს საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ კანონი, რომელიც არ აღსრულდება - ასეთი კანონის მიღებას აზრი არა აქვს.
რაც შეეხება "გირჩს", პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ბიძინა ივანიშვილისთვის ამზადებს, ხოლო "ქართული ოცნება" დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.
"ჩვენ რა ვქნათ უბრალო ხალხმა მე არ ვიცი, ასეთ სიტუაციაში. მგონია, რომ რაღაცნაირად უნდა დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ კანონპროექტების მომზადებით შორს ვერ წავალთ და ევროპაში ასე არავინ არ შეგვიშვებს. დასავლეთი ჩვენ გვთხოვს კონსენსუსს, დეპოლარიზაციას და ყველა კანონპროექტები უნდა იყოს ამ ჭრილში განხილული. ამის ნაცვლად ჩვენ შემოგვაქვს ახალ-ახალი კანონპროექტები ახალ-ახალი კონფლიქტების გასაღვივებლად," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სკეპტიკურად არის განწყობილი უმრავლესობა, სადაც აცხადებენ, რომ ეს კანონი არის "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, დაიცვან და შეინარჩუნონ ოლიგარქიული გავლენები ქართულ პოლიტიკაში.
"არავის ეგონოს და შევიდეს შეცდომაში, რომ ეს კანონპროექტი თითქოს და რამე პრობლემას შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. რეალურად ეს აბსოლუტურად უპერსპექტივოა, თუმცა არის მცდელობები იმისა, რომ გარკვეული თვალსაზრისით შეუმსუბუქონ შესაძლო მართლაც ოლიგარქიული მმართველობის მცდელობის მქონე პოლიტიკოსებს მათთვის მოსალოდნელი გარკვეული წნეხი და სირთულეები, რომელიც შეიძლება რეალურად დეოლიგარქიზაციაზე მუშაობამ მათ შეუქმნას," - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.