15 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
დეოლიგარქიზაციის შესახებ ამ კანონპროექტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, ეს უფრო ოლიგარქების დაცვის შესახებ კანონპროექტია - დავით მათიკაშვილი

ალტერნატიული პროექტი"ნაციონალური მოძრაობისგან" დეოლიგარქიზაციის შესახებ - პარლამენტში მეორე დოკუმენტი შედის. პროექტს ბიუროს სხდომაზე დააინიცირებენ.

ავტორების განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული პაკეტი მნიშვნელოვნად განსხვავდება უმრავლესობის მიერ მოწონებული უკრაინული მოდელისგან. მისი მიღების შემთხვევაში კი ქვეყანა ნებისმიერი ოლიგარქისგან დაცული იქნება.

"ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ შემოთავაზებული პროექტი არის პრინციპულად განსხვავებული და უნიკალური იმ თვალსაზრისით, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ქართულ კონტექსტს ოლიგარქიული მმართველობის პრობლემებთან დაკავშირებით, შეიცავს ოლიგარქიული მმართველობის ნიშნებს და კრიტერიუმებს რა არის ოლიგარქიული მმართველობა, განსხვავებული არის ოლიგარქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები და ბევრად უფრო დამატებული მოცულობითი არის ეს კრიტერიუმები. ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს და არ არის წინააღმდეგ მიმართული რომელიმე ერთი კონკრეტული სახელის და გვარის მიმართ, არამედ პროექტი ითვალისწინებს, რომ მომავალში ქვეყანაში არ მოხდეს ოლიგარქიული მმართველობის შემოღება," - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი არ შეეხება ორივე მხარეს, ყველას და ყველაფერს, პარტია კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

""ოცნებამ" ხომ შემოიღო კანონპროექტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ეჭვი მაქვს, რომ "ნაცმოძრაობის" პირიქით იქნება - არავის და არაფერს არ ეხება გარდა ბიძინა ივანიშვილისა.

კანონპროექტი, რომელიც არ იქნება სისტემური და არ შეეხება ორივე მხარეს ყველას და ყველაფერს, ვისაც საჭიროა, ასეთ პროექტს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა ვერ ექნება," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ოლიგარქების დაცვის შესახებ კანონპროექტს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას "ქართული ოცნება".

"დეოლიგარქიზაციის შესახებ ამ კანონპროექტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, ეს უფრო ოლიგარქების დაცვის შესახებ კანონპროექტია. დასხდნენ, იფიქრეს რა ექნათ, აშკარა იყო, რომ მათ დამფინანსებელ და ოლიგარქ კეზერაშვილს კარგი დღე არ დაადგება მას მერე, რაც ეს კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ შევა ძალაში და მოიფიქრეს ის საკანონმდებლო სივრცე, სადაც არის პირდაპირი ტექსტით დაცა ოლიგარქების. აბსურდია ეს კანონპროექტი როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ის არანაირად არ ეხება და ვერც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ერთადერთი მცდელობა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომ ნახევარ ჭიქა წყალში ქარიშხალი მოუწყონ ე.წ. სატოპკეები აწიონ და ამ თემაზე მერე გამუდმებით ისაუბრონ," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები