დღეს რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პოზიტიური გზავნილები საქართველოს მიმართ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ასე აფასებს ქართული დელეგაცია იენს სტოლტენბერგის გზავნილებს.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, ასეთი პოზიტიური გზავნილები მოწმობს, რომ ნატოსთვის საქართველო დღის წესრიგშია.
"ალიანსმა უნდა უზრუნველყოს მისი მოკავშირეების დაცვა, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ისეთი ასპირანტების და პარტნიორების მხარდაჭერა, როგორიც არის საქართველო. დღევანდელი დღე არის იმის ნათელი დადასტურება, რომ ნატო-ს მოკავშირეები და თვითონ ნატო, როგორც ინსტიტუტი, არის ურყევი თავის მხარდაჭერაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართ და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ," - ამბობს ბერაია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია იმასაც უსვამს ხაზს, რომ შეკითხვა დასმული იყო გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ, რომელიც მიმართული იყო საქართველოსთან დაკავშირებით და შეკითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ რას გააკეთებს ნატო ახლო პარტნიორებისთვის, კონკრეტულად კი საქართველოსთვის.
"იქ, სადაც საუბარია რუსეთს აგრესიაზე, მან აღნიშნა, რომ ომი უკრაინაში არის გაგრძელება იმ ომის, რომელიც რუსეთმა საქართველოში 2008 წელს დაიწყო. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ასევე გერმანიის საპარლამენტო დელეგაციის კითხვები საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რაზეც ასევე დამატებით მხარდამჭერი პასუხი იყო ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან, შესაბამისად საქართველო არის უკრაინასთან ერთად ნატო-ს ყურადღების ცენტრში," - განაცხადა აქუბარდიამ.