15 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გააგზავნოს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მიღებამდე ვენეციის კომისიაში უნდა გააგზავნოს.

ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა.

"დეოლიგარქიზაციის" კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა," – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრებმა მოახდინეს, უკრაინის კანონის მაგალითზეა შემუშავებული.

უკრაინული კანონის გადმოღებას არ ეთანხმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ კანონპროექტის შემოთავაზებული ფორმით მიღება არ შეიძლება და ის ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.

თუმცა "ქართული ოცნება" კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია ერთი-ერთში გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე გასცემს, ვინაიდან სწორედ უკრაინული მოდელის მიღებას გეგმავს.

დღის ამბები